Thumbnail

‘ის ბრუნდება’ – UWW ქართველი მოჭიდავის ასპარეზობას განსაკუთრებულად ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნუგზარ წურწუმია დიდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია
  • საქართველოს ნაკრები უნგრეთში მიმდინარე ტურნირში ხვალ ჩაებმება

ხვალ, 1 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წარმომადგენლები ჩაებმებიან, განსაკუთრებული მოლოდინები კი ნუგზარ წურწუმიას (55 კგ.) გამოსვლას უკავშირდება, რომელიც მსოფლიო ჭიდაობის ერთ-ერთ ვარსკვლავად ყალიბდება.

საინტერესოა, რომ ხობელი ფალავანის მომავალ ასპარეზობას სპეციალური პოსტით გამოეხმაურა მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის (UWW) ფეისბუქ-გვერდი და ჩვენებურის ბოლოდროინდელი გმირობები გაიხსენა.

“ნუგზარ წურწუმიამ 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ნურ-სულთანში ოქროზე გადაცვალა. მან ყაზახეთში მეტოქეები საერთო ანგარიშით – 34:3 დაამარცხა. ქართველი მოჭიდავე ხალიჩაზე პარასკევს დაბრუნდება და 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდება”.

World Champion Spotlight: Nugzari TSURTSUMIA 🇬🇪 improved on his 2018 bronze-medal finish by outscoring his four...

Posted by United World Wrestling on ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ მსოფლიოს პირველობაზე წასაყვანი შემადგენლობა დუშეთში გამართული შეკრების შემდეგ დაასახელა და მასში წურწუმიას გარდა, 23-წლამდელთა შორის ევროპის 4 მოქმედი ჩემპიონი მოხვდა. ესენი ლევან ქავჟარაძე (63 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) არიან.

ცნობისთვის, პატარიძე ამავე ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიცაა.

როგორც აღვნიშნეთ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები საქმეში 1 ნოემბერს ჩაებმებიან, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები კი 2 და 3 ნოემბერს გამოვლინდება.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები
55 კგ. – ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ. – დათო ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ. – ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
67 კგ. – გიორგი კურტანიძე (გარდაბანი)
72 კგ. – რამაზ ზოიძე (აჭარა)
77 კგ. – ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
82 კგ. – აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
87 კგ. – გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
97 კგ. – გიორგი მელია (სამტრედია)
130 კგ. – ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

კომენტარები

ბოლო ამბები