Thumbnail
  • მიუნხენელები ხორვატი მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილონი არიან
  • ბაიერნის მთავარი სამიზნე ამსტერდამის აიაქსის თავკაცია

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, შესაძლოა, თანამდებობა უახლოეს პერიოდში დატოვოს. ამ ინფორმაციას გერმანული Sport1 ავრცელებს.

ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობა ხორვატი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგანაც ბაიერნი მიმდინარე სეზონში არადამაჯერებლად გამოიყურება.

ბაიერნის პირველი სამიზნე ამსტერდამის აიაქსის ჰოლანდიელი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგია, რომელიც 2013-15 წლებში გერმანული გრანდის სარეზერვო გუნდს წვრთნიდა და არაერთხელ უთქვამს, რომ ბუნდესლიგაში მუშაობა სურს.

თუკი ტენ ჰაგთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, მიუნხენელები აქცენტს ტოტენჰემის თავკაც მაურისიო პოჩეტინოზე გადაიტანენ. არგენტინელი სპეციალისტის გადაბირებაში პირადად ბაიერნის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩია დაინტერესებული.

ნიკო კოვაჩს ბავარიელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ხორვატი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდმა 2018-19 წლების სეზონში ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო, 2018 წელს კი ქვეყნის სუპერთასიც დაისაკუთრა.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბავარიელებს 9 ტურის თავზე 18 ქულით მე-2 ადგილი უკავიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები