Thumbnail

კახა ჩხეტიანი ადასტურებს - აინტრახტის აქციონერების დიდი გეგმები ქუთაისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქუთაისის ტორპედო ისევ ფინანსურ კრიზისშია, თუმცა არის სიახლეები
  • იმერულ კლუბში ინვესტიციის განხორციელება აინტრახტის აქციონერებს სურთ

ქუთაისის ტორპედო ისევ ფინანსურ კრიზისშია, თუმცა არის სიახლეები. იმერულ კლუბში ინვესტიციის განხორციელებით გერმანული საფეხბურთო კლუბის, ფრანკფურტის აინტრახტის აქციონერები არიან დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში, პოტენციური ინვესტორები შეხვედრებს გამართავენ როგორც ქუთაისის მერიის, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან. ამ თემაზე, ტორპედო სოციალურ ქსელში გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის კომენტარს ავრცელებს...

კახა ჩხეტიანი (ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელი) 

"გერმანული აინტრახტის აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს.

მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით, დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და არც სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან. ტორპედოს გადარჩენა ყველას ინტერესშია! ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება.

3-4 დღეში, აინტრახტის აქციონერები საქართველოში ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ. თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცენდენტი იქნება".

კომენტარები

ბოლო ამბები