Thumbnail

PREVIEW | ზედიზედ სამი ფრის შემდეგ - დინამო ბათუმი ჩიხურას ესტუმრება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 1 ნოემბერი  | ⌚ 14:00 | ⚽ ჩიხურა V დინამო ბათუმი
  • 33-ე ტური ივანწმინდაში იწყება, სადაც ეროვნული ლიგის ლიდერი ითამაშებს
  • გია გეგუჩაძის გუნდი 3-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და სწორედ ეს ტურები გადაწყვეტს, ვინ გახდება 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი. მთავარი პრეტენდენტი დინამო ბათუმია, რომელიც 1 ნოემბერს საჩხერის ჩიხურას ესტუმრება და სწორედ ამ მატჩით გაიხსნება 33-ე ტური.

32 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის ლიდერი სწორედ დინამო ბათუმია. გია გეგუჩაძის გუნდს 64 ქულა აქვს და ერთი ქულით უსწრებს მთავარ კონკურენტს, დინამო თბილისს. ჩემპიონობის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს საბურთალო, რომელიც 61 ქულით მესამე ადგილზეა. დარჩენილ ტურებში, ამ გუნდებისთვის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია. აქვე აღვნიშნოთ, რომ 3 ნოემბერს, 33-ე ტურის ეგიდით, დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს, ხოლო საბურთალო გორის დილას ესტუმრება.

გია გეგუჩაძის გუნდს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს

ეროვნული ლიგის ლიდერი ჩიხურას დანაკლისით შეხვდება. ნიკოლოზ საბანაძე და გიორგი ილურიძე დიდი ხანია ტრავმირებულები არიან და გუნდს ვერ ეხმარებიან. ბოლო შეხვედრა გამოტოვა ლევან გეგეჭკორმა და სავარაუდოდ, ვერც ივანწმინდაში ითამაშებს. გეგეჭკორი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და არაა გამორიცხული, განაცხადში მოხვდეს, მაგრამ ამის შანსი მცირეა. ჯერ ისევ ტრავმირებულია გურამ ადამაძე და ჩიხურასთან თამაშს ისიც გამოტოვებს. დანაკლისი აქვს ჩიხურასაც. საჩხერულ გუნდს ტრავმის გამო სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება: ირაკლი ლექვთაძე, დავით მეგრელიშვილი და ბესო დეკანოიძე.

გია გეგუჩაძე ძირითადად 13-14 ფეხბურთელს ეყრდნობა, როტაცია კი ხშირ შემთხვევაში საყრდენ ხაზს ეხება, სადაც ვლადიმერ მამუჩაშვილს, ბენჟამინ ტეიდის და გიული მანჯგალაძეს აქვთ კონკურენცია. თუმცა, პერიოდულად მანჯგალაძეს წინ უწევს თამაში და ასეთ დროს, შესაძლოა თადარიგში ჯაბა ჯიღაური დარჩეს. ამჯერად, ჯიღაური ალბათ ძირითადში იქნება და შემტევ კვარტეტს გაბრიელ რამოსთან, ფლამარიონ ჯოვინოსთან და ლადო დვალიშვილთან შექმნის, საყრდენ ხაზს კი სავარაუდოდ ტეიდი და მანჯგალაძე გაამაგრებენ.

ქვიზი | რა იცი დინამო ბათუმის შესახებ?

დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ბოლო 3 თამაში ფრედ დაასრულა, თუმცა მთავარი კონკურენტის, დინამო თბილისის არასტაბილური ასპარეზობის წყალობით (2 ფრე და 1 წაგება ბოლო 3 მატჩში), ისევ პირველ ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს და ერთადერთი მიზანი ამ მოუგებელი სერიის შეწყვეტა, ანუ სამი ქულის მოპოვებაა. ასეთ დროს, გუნდს გვერდში დაუდგნენ ყველაზე ერთგული ქომაგები, შავი ზღვის პირატები, რომლებმაც სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეო გაავრცელეს, ივანწმინდაში კი ორგანიზებულად მიდიან და ტრადიციულად, მხურვალედ დაუჭერენ მხარს.

ნახე | 'ერთად უნდა ვიბრძოლოთ' - შავი ზღვის პირატების მხარდაჭერა დინამო ბათუმს

მხოლოდ მოგება და 3 ქულა!

კიჭი მელიავა (დინამო ბათუმი)
“რთული თამაში იქნება, მაგრამ ძალიან კარგად გვესმის ამ მატჩის მნიშვნელობა და ამიტომ, მხოლოდ მოსაგებად გავალთ მინდორზე. ისიც ვიცი, რომ საჩხერელთა მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ისინიც ბოლომდე იბრძოლებენ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში წინ გავიჭრათ”.

გაბრიელ რამოსი (დინამო ბათუმი)
“ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება ივანწმინდაში. მოტივირებულები ვართ, ჩვენი ერთადერთი მიზანი კი სამი ქულის მოპოვებაა. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ, შემდეგ კი საქმე ბოლომდე იქნება მისაყვანი. ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ”.

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 2 მოგება, 3 ფრე და 0 წაგება აქვს.

⚽ დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის ბოლო 11 თამაშია არ წაუგია.

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის ბოლო 3 თამაშია არ მოუგია.

⚽ ჩიხურას ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 2 მოგება, 0 ფრე და 3 წაგება აქვს.

⚽ ჩიხურამ ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა.

⚽ წელს გუნდები სამჯერ შეხვდენ ერთმანეთს: ორი მატჩი დინამო ბათუმმა მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. 

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 4:1 დინამო ბათუმის სასარგებლოდ.

⚽ დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, ჩიხურას მიზანი კი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩიხურა (4-3-3): ჰამზიჩი - კორიფაძე, მაისაშვილი, კაშია, ჩიკვაიძე - მარკოზაშვილი, მამასახლისი, ჩიხლაძე - სარდალიშვილი, არდაზიშვილი, ფანცულაია

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - მელიავა, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, ტეიდი - ჯიღაური, ჯოვინო, რამოსი - დვალიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები