Thumbnail

317-ქულიანი თრილერი ვაშინგტონში - ჰარდენის კიდევ ერთი დიდი თამაში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ვაშინგტონი 158:159 ჰიუსტონი
  • ჯეიმს ჰარდენი 59 ქულით საუკეთესო იყო
  • ვაშინგტონიდან ბრედლი ბილი გამოირჩეოდა (46 ქულა)

გუშინდელი სათამაში დღის ყველაზე დრამატული მატჩი ალბათ ვაშინგტონში გაიმართა - ადგილობრივი ვიზარდსი ჰიუსტონს მასპინძლობდა. NBA-ში შედეგიანობა ყოველ სეზონში იზრდება - გუშინდელი შეხვედრა ამის საუკეთესო დადასტურებაა. ორივე გუნდმა ერთად 317 ქულა ჩააგდო. გუნდები თითოეულ მეოთხედში სტაბილურად ყრიდნენ 40 და მეტ ქულას.

ეს იყო ბოლო 25 წელიწადში მხოლოდ მესამე შემთხვევა, როდესაც ორივე გუნდი 150 ქულას გადასცდა!

ამის მიზეზი ის არის, რომ ჰიუსტონი, რომელიც წინა სეზონებში ერთ-ერთი ყველაზე ნელი, თუმცა შედეგიანი შეტევით გამოირჩეოდა, ამ სეზონში, რასელ ვესტბრუკის მოსვლასთან ერთად, ძალიან სწრაფად ათამაშდა და შეტევაზე სულ რამდენიმე წამს ხარჯავს. შედეგად, ჰიუსტონის თამაშებში ძალიან ბევრ, სწრაფ და შედეგიან შეტევას ნახავთ.

თამაშის ამ სტილით ყველაზე მეტად ჯეიმს ჰარდენი ხეირობს - გუშინ მას 59 ქულა ჰქონდა და დამატებით 8 ასისტიც მიითვალა!

ეს ვაშინგტონის პირველი საშინაო შეხვედრა იყო და აუტსაიდერმა ყველაფერი გააკეთა, ჰიუსტონი რომ დაემარცხებინა - ბრედლი ბილმა 46 ქულა მოაგროვა, ვაშინგტონის ერთბაშად შვიდმა მოთამაშემ 10-ზე მეტი ქულა ჩააგდო და ვიზარდსს ზუსტი სროლების 62 პროცენტი ჰქონდა (მათ შორის 55 პროცენტი პერიმეტრიდან და 20 ზუსტი სამქულიანი). მეოთხე მეოთხედში, მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ვაშინგტონი 11 ქულას იგებდა, თუმცა შემდეგ ჰიუსტონი 9:0 'გაიქცა' და მატჩის ბოლოს შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

უკვე ტრადიციული სამმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა რასელ ვესტბრუკმა - 17 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი. საბოლოო ჯამში, ჰიუსტონმა ერთი ქულით გაიმარჯვა (159:158).

📺 ვიდეო: ვაშინგტონი 158:159 ჰიუსტონი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები