Thumbnail
  • ქართველმა ცენტრმა მოედანზე 08:32 წუთი ითამაშა და მხოლოდ ერთხელ შეუტია
  • გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს მიმდინარე სეზონში განცდილი 3 მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა და კარგია, რომ ამჯერად მოედანზე ქართველი კალათბურთელიც ვიხილეთ.

📺 ბრუკლინი - ინდიანა 108:118 

ინდიანელები ბარკლაი სენთერში ბრუკლინ ნეთსს სტუმრობდნენ და დამაჯერებლად ჩატარებული მე-3 მეოთხედის (30:20) ხარჯზე, წარმატებას მიაღწიეს – 118:108.

იმას, რომ ბითაძეს თამაშში ჩართვა მოუწია, ხელი მაილს ტერნერის ტრავმამაც შეუწყო. პეისერსის ძირითადმა ცენტრმა პირველივე ტაიმში ფეხი გადაიბრუნა და მოედანი თანაგუნდელთა დახმარებით დატოვა.

ქართელმა ცენტრმა მეტოქის ფარს მხოლოდ ერთხელ შეუტია

წინასწარი ინფორმაციით, ტერნერს კოჭის მყესები აქვს დაზიანებული, ხოლო რამდენ ხანს მოუწევს უქმობა, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

საბოლოოდ, გოგამ 08:32 წუთში მეტოქის ფარს ერთხელ შუეტია და ააცილა, აქტივში მოხსნა, პასი და ჩაჭრა ჰქონდა, პასივში კი – 1 პერსონალური ფოლი. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი მინუს 16 იყო, რაც ორივე გუნდის რიგებში უარესი მაჩვენებელი გახლდათ.

ინდიანელთა რიგებში საუკეთესო ლიტველი ფორვარდი დომანტას საბონისი იყო 29 ქულით, 8 მოხსნით და 4 პასით, ჯერემი ლემბმა 25 ქულით ჩააგდო, მალკოლმ ბროგდონმა – 21, ხოლო ტი ჯეი უორენმა – 20.

ბრუკლინელთა მხრიდან კაირი ირვინგმა 28 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო დეანდრე ჯორდანმა 8 ქულას 17 მოხსნა წაამატა.

ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 2 ნოემბერს კლივლენდ კავალიერსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები