Thumbnail

დრამატული მატჩი ტურინში - იუვეს რონალდომ მოაგებინა

  • იუვენტუსმა სერია A-ში ლიდერობა დაიბრუნა და ინტერს ისევ გაასწრო
  • ტურინის იუვენტუსს 10 ტურში 8 მოგება და 2 ფრე აქვს

იუვენტუსმა იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში გამარჯვება მძიმე ბრძოლაში მოიპოვა. ტურინელებმა ჯენოას საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგეს და ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნეს.

ლეონარდო ბონუჩიმ ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა. სტუმართა რუმინელი მეკარე რადუ შეცდა და იტალიელმა მცველმა ბურთი თავური დარტყმით დაუცველ კარში გადაგზავნა. ჯენოამ 4 წუთში გაათანაბრა - კუამემ ბუფონს გაუტანა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი დრამატული გამოდგა: მსაჯმა მოედნიდან გენუელთა ნახევარმცველი კასატა გააძევა, რის შემდეგაც არბიტრმა ფედერიკო მარკეტისაც წითელი ბარათი უჩვენა. ჯენოას მეკარე სათადარიგო სკამზე იჯდა და ზედმეტი აქტიურობისა და საუბრის გამო სათადარიგო სკამიდანაც გააგდეს.

ტურინელები 87-ე წუთზე 10 კაცით დარჩნენ. მსაჯმა სარის გუნდიდან რაბიო გააძევა და დარჩენილ დროში ჯენოას, რომელმაც 10 კაცითაც გაძლო, ქულის აღება აღარ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა ბოლო წუთზე სტუმრებმა რონალდო საჯარიმოში წააქციეს - მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც კრიშტიანომ თავადვე შეასრულა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-8 მატჩში მე-5 გოლი გაიტანა.

რონალდომ იუვენტუსს მე-8 გამარჯვება მოუტანა. ტურინელებს 26 ქულა აქვთ და ინტერს ერთი ქულით გაასწრეს. იუვენტუსის მომდევნო მეტოქე ტორინო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები