Thumbnail
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბუდაპეშტში სამი მედალი მოიპოვეს 
  • ტურნირის ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალს გიორგი სულავა დაეუფლა
  • მედლის მოპოვების შანსი მეგენეიშვილსა და ურთაშვილსაც ჰქონდათ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობის ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალი გიორგი სულავამ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს თავ-თავიანთ წონებში ჩემპიონები მირზა სხულუხია (70 კგ.) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) გახდნენ.

სულავა ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მივიდა - კვალიფიკაციაში, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში, შესაბამისად, კანადელი გუსეინ რუსლანზადა, პოლონელი კამილ რაბიცკი და აზერბაიჯანელი მურად სულეიმანოვი ერთნაირი ანგარიშით - 10:0 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში რუს რაზამბეკ ჟამალოვთან წააგო - 7:15. ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლისთვის თურქ ფაზლი ერიილმაზს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 ჩამორჩა, მალევე 4 ქულა მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქე შებოჭა.

📺 გიორგი სულავა - ფაზლი ერიილმაზი

გიორგი სულავამ (74 კგ) წმინდად დაამარცხა თურქი ერილმაზი

გიორგი სულავამ (74 კგ) წმინდად დაამარცხა თურქი ერილმაზი და მსოფლიოს U23 ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. დემო მეგენეიშვილმა (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილმა (125 კგ) დათმეს ბრინჯაოსთვის შეხვედრები და მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი, 2019

ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ დემურ მეგენეიშვილი (92) და ზურიკო ურთაშვილი (125).

მეგენეიშვილი კვალიფიკაციაშივე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, ბატირბეკ ცაკულოვთან (რუსეთი) 1:6 დამარცხდა. რუსმა ფინალამდე მისვლა მოახერხა და ჩვენებური სანუგეშო რაუნდში გაიყოლა. მეგენეიშვილმა იქ მონღოლი ცოგტგერეი მუნხბატაარი და უკრაინელი ვასილ სოვა ერთნაირი ანგარიშით 10:0 დაამარცხა, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი კუბელ იონგერ პომარესთან დათმო - 2:6.

ურთაშვილი მსოფლიოს პირველობაში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე გეორგი ნოგაევს 4:1 სძლია, მეოთხედფინალში კი სომეხ ჰოვანეს მაგაკიანს შანსი არ დაუტოვა - 10:0. სამწუხაროდ, ზურიკო ჯერ ნახევარფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან 0:11 დამარცხდა, შემდეგ კი მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაც დათმო ყაზახი იუსუპ ბატირმყრზაევთან - 2:13.

1-ელ ნოემბერს, ბუდაპეშტში ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ, რომლებიც 2 და 3 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს გამოავლენენ. სოსო ჯაბიძის გუნდი უნგრეთის დედაქალაქში ამ შემადგენლობით წარსდგება:

55 კგ. - ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ. - დათო ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ. - ლევან ქავჟ-არაძე (ოზურგეთი)
67 კგ. - გიორგი კურტანიძე (გარდაბანი)
72 კგ. - რამაზ ზოიძე (აჭარა)
77 კგ. - ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
82 კგ. - აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
87 კგ. - გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
97 კგ. - გიორგი მელია (სამტრედია)
130 კგ. - ზვიად პატარიძე (ქუთაისი).

კომენტარები

ბოლო ამბები