Thumbnail

რიბერის კრიტიკამ გაჭრა - FIFA 20-ში ფრანგ გარემარბს სახე შეუსწორეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • EA Sports-მა საფეხბურთო სიმულატორში ცვლილებები შეიტანა
  • ფიორენტინას 36 წლის გარემარბის ცნობა ახლა უკვე შესაძლებელია

პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის FIFA 20-ის შემქმნელებმა, ფიორენტინას ფრანგი გარემარბის ფრანკ რიბერის კრიტიკა გაითვალისწინეს და თამაშში ფეხბურთელის გარეგნობაში ცვლილებები შეიტანეს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 36 წლის ფეხბურთელმა "ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც EA Sports გააკრიტიკა. ფრანგის აზრით, FIFA 20-ში მისი "ორეული" იმდენად განსხვავდებოდა მისგან, რომ ცნობაც კი შეუძლებელი იყო.

საერთო ჯამში, FIFA 20-ის განახლებულ ვერსიაში 30-ზე მეტი პოპულარული ფეხბურთელის სახე შეიცვალა, მათ შორის: ტიბო კურტუას, მარსელოს და ჟოაო ფელიქსის. ამასთან, დაიხვეწა აიაქსის 12, ხოლო რომას 8 ფეხბურთელის სახე.  

ფრანკ რიბერი ფიორენტინაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აღმოჩნდა და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მანამდე ფეხბურთელი 12 წლის განმავლობაში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა. 

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფლორენციული გუნდის მაისურით ყველა ტურნირში 9 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები