Thumbnail

შანსი აბურჯანიას - ტვენტეს მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ნაკრები მას ხელს უშლის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი აბურჯანიას ტვენტეში დამკვიდრების შანსი მიეცემა
  • ტვენტეს თავკაცი ქართველ ლეგიონერზე

ჰოლანდიური მედიის ცნობით, გიორგი აბურჯანიას ტვენტეში თავის გამოჩენის შანსი მიეცემა - საღამოს ქართველი ლეგიონერის გუნდი ჰოლანდიის თასის 1/32 ფინალის მატჩს გამართავს დე ტრეფერსის წინააღმდეგ და აბურჯანია სასტარტოში იქნება.

24 წლის აბურჯანიამ ერედივიზიეს 7 ტურში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის შეცვლაზე შევიდა და ჯამში მხოლოდ 102 წუთი სათამაშო დრო დაუგროვდა, თუმცა 1 გოლის გატანა მან მოასწრო.

Tubantia წერს, რომ აბურჯანია ენსხედეში ჯერ ისევ გამოცანაა და თასის მატჩი მისთვის კარგი შანსი იქნება. "რამდენად კარგი ფეხბურთელია ის? ზუსტად რა პოზიციაზე ითამაშებს? ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ტვენტეს ფანებისთვის. ბოლოს ემენთან ის მხოლოდ 90-ე წუთზე შევიდა მოედანზე. კი მოასწრო ერთი კარგი პასის გაკეთება, მაგრამ დასკვნების გამოტანა არასერიოზულია", - წერს საიტი.

102 წუთში ერთი გოლის გატანა მოასწრო

მწვრთნელი გონსალო გარსია ამბობს, რომ მისი პრობლემა ისაა, რომ აბურჯანიამ მთლიანად გამოტოვა წინასასეზონო მზადება ახალ გუნდთან ერთად. "ის ისედაც გვიან დაგვემატა და შემდეგაც იყო პრობლემები - 2 კვირა მოუწია სამუშაო ვიზის მიღებამდე ლოდინში. ეს კი სერიოზულად უშლის ხელს ფეხბურთელს ფორმაში შესვლაში".

მწვრთნელს არც ის მოსწონს, რომ აბურჯანია ნაკრებში თამაშობს: "საერთაშორისო მატჩები კარგია, მაგრამ ის საკლუბო რიტმიდან გაგდებს", - ამბობს გარსია, რომელიც კარგად იცნობს აბურჯანიას კვიპროსიდან. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ქართველმა ლეგიონერმა უკვე მიაღწია იმ კონდიციებს, რომ ის უფრო მეტად იყოს ჩართული ტვენტეს თამაშებში: "გიორგი კარგად ვარჯიშობს, ის აქ ძალიან კმაყოფილია და ახლა კარგ ფორმაშია". 

Tubantia წერს, რომ აბურჯანიას შანსი მიეცემა, მაგრამ ტვენტეში შუახაზელთა კარგი კონტინგენტია და კონკურენცია ქართველისთვის მძაფრი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები