Thumbnail

'საბასთვის საუკეთესო კლუბი გვსურს' - რანდერსის სამი ვარიანტი ლობჟანიძისთვის 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რანდერსის ხელმძღვანელობის პირველი კომენტარი ლობჟანიძის ტრანსფერზე
  • კლუბს ქართველის შენაჩრუნება ისევ სურს

მას მერე, რაც BT-მ დაწერა, რომ რანდერსის საბა ლობჟანიძით ბრონდბიუ ისევ დაინტერესებულია, კლუბის ხელმძღვანელობამ პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ბრონდბიუს ქართველი ლეგიონერის შეძენა ზაფხულში სურდა, მაგრამ კლუბები ფასზე ვერ მორიგდნენ.

დანია თუ უცხოეთი

რანდერსის სპორტული დირექტორი სიორენ პედერსენი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ლობჟანიძე ბრონდბიუში მართლაც გაყიდონ, მაგრამ ის ამბობს, რომ მისით მხოლოდ დანიური კლუბი არ არის დაინტერესებული: 

საბას გოლი ბრონდბიუს კარში

"არ ვიცი, რა წინადადებას უნდა ველოდოთ იანვრამდე ბრონდბიუსგან, მაგრამ გეტყვით, რომ საბას შეძენა კვლავ ბევრს სურს. მისით მხოლოდ ბრონდბიუ არ არის დაინტერესებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრონდბიუსთან ტრანსფერის შეთანხმებას არ გამოვრიცხავთ", - უთხრა პედერსენმა bold.dk-ს.

როცა პედერსენს შეეკითხნენ, რომ როგორ ურჩევნია რანდერსს - ლობჟანიძის გაყიდვა საზღვარგარეთ თუ დანიაში, კლუბის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ გააჩნია შემოთავაზებას: "საბასთვის ჩვენ საუკეთესო კლუბი გვსურს საუკეთესო შემოთავაზებით. იქნება ეს დანიური თუ უცხოური, დრო გვიჩვენებს". 

მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე

ლობჟანიძეს კონტრაქტი ზაფხულში უსრულდება და ამის შემდეგ რანდერსი მას უსასყიდლოდ დაკარგავს, თუმცა კლუბში ჯერ არ დაუკარგავთ იმედი, რომ მას დაითანხმებენ: "ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან გვსურს საბას კონტრაქტი გავუხანგრძლივოთ. ის კარგი ფეხბურთელია, რომლის თამაშითაც ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, საბაც კარგად გრძნობს თავს რანდერსში. ასე რომ, კონტრაქტის გახანგრძლივება ერთ-ერთ ვარიანტად რჩება".

რანდერსი ამ კუთხით ახლაც აქტიურობს, თუმცა ლობჟანიძეს სხვა ამბიციები აქვს: "კონტრაქტზე მოლაპარაკება ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ ძნელი სათქმელია, რასთან მიგვიყვანს ის. საბა ამბიციური ფეხბურთელია. მისი სურვილია უფრო ძლიერ კლუბში ითამაშოს და მე ამას ძალიან ვაფასებ".

დანიის სუპერლიგის 12 მატჩში საბას ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე პასია. სულ სუპერლიგაში მან 23 გოლი გაიტანა (2017/18 - 29 მატჩი 9 გოლი, 2018/19 - 37 მატჩი - 8 გოლი). ამჟამად ქართველი ლეგიონერი ტრავმირებულია. 

კომენტარები

ბოლო ამბები