Thumbnail

ევროპა, მსოფლიო და გინესის რეკორდი - ქართველი ხარის დიდი გეგმები

  • კონსტანტინე ჯანაშია აქტიურ სპორტში დასაბრუნებლად ემზადება
  • ქართველი სტრონგმენი 26-ვაგონიანი მატარებლის გაწევას აპირებს

კონსტანტინე ჯანაშია, იგივე ქართველი ხარი, მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის და აქტიურ სპორტში დასაბრუნებლად ემზადება. ყველაზე წარმატებულ ქართველ სტრონგმენს მომავალ წელს დიდი გეგმები აქვს - მისი მიზანი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წარმატებული გამოსვლაა, ბოლოს კი გინესის რეკორდის დამყარებას აპირებს. სულ ახლახან, კონსტანტინე დუბაის კომერციული ტურნირის საორგანიზაიო საქმეებში იყო ჩართული და ამ ამპლუაშიც დიდი გამოცდილება მიიღო. ამ ყველაფერზე ქართველმა სტრონგმენმა ჩვენს კითხვებს უპასუხა...

popsport: როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესი მძიმე ტრავმის შემდეგ?

ჯანაშია: ასეთი მძიმე ტრავმა აქამდე არასდროს მქონია. ივნისში ფლორიდაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვასპარეზობდი, როდესაც უკვე ფინალში გადასულმა ხელის კუნთი გავიწყვიტე. მალევე გავიკეთე ოპერაცია და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო კურსს გავდივარ. უკვე ოთხი თვეა ვმკურნალობ, თუმცა მსუბუქი ვარჯიშიც დავიწყე. დაახლოებით ორ თვეში სრული დატვირთვით შევძლებ ვარჯიშს. ჩემი მიზანია, რომ მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვიყო. 

popsport: 2020 წელს მთავარი მიზანი ისევ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წარმატებით გამოსვლაა?

ჯანაშია: 5 აპრილს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება და ამ ტურნირზე აუცილებლად უნდა ვიყო ოპტიმალურ ფორმაში. შემდეგ, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატის დროც დადგება და ჩემი მიზანი, ამ ტურნირზე საუკეთესო შედეგის ჩვენებაა.

popsport: ასეთი მძიმე ტრავმა აქამდე არადროს გქონია. ფსიქოლოგიურად თუ ხარ მზად სპორტში დასაბრუნებლად?

ჯანაშია: იყო შემთხვევა, როდესაც თითი მოვიტეხე, მაგრამ ასეთი მძიმე ტრავმა მართლა არასდროს მიმიღია. მქონდა ნერვული ფონი და სტრესი, მაგრამ გადავლახე და დღეს, კარგად ვგრძნობ თავს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგურად. ერთი სიტყვით, მზად ვარ სპორტში დასაბრუნებლად.

popsport: დუბაიში იყავი მიწვეული და თუ შეგიძლია გაგვანდო ამ ვიზიტის დეტალები?

ჯანაშია: ყოველი წლის ოქტომბერში, დუბაიში ტარდება კომერციული ტურნირი, სადაც იწვევენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ სპორტსმენებს. ტრავმამ არ მომცა ამ ტურნირში მონაწილეობის საშუალება, მაგრამ საპატიო სტუმრის სტატუსით ვიყავი ჩასული და საორგანიზაციო საკითხებშიც მივიღე მონაწილეობა. მსოფლიო ფედერაციასთან კარგად ვითანამშრომლე და მომეწონა ეს პროცესი. არ გამოვრიცხავ, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ამ საქმით დავკავდე და სტრონგმენის მსოფლიო ფედერაციაში მქონდეს ჩემი როლი. თუმცა, ეს სამომავლო გეგმებია, დღეს კი მოქმედი სპორტსმენი ვარ და ჩემთვის რთული იყო შეჯიბრის გვერდიდან ყურება. მეც მინდიდა ტურნირში მონაწილეობის მიღება.

popsport: საქართველოს სტრონგმენის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ და საერთაშორისო შეჯიბრი თბილისშიც ჩაატარე. ასევე ცნობილია, რომ საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩამოტანა გინდა...

ჯანაშია: თბილისობის ფარგლებში, გიორგი დოინჯაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა და ეს მართლაც იყო დიდი გამოცდილება. საორგანიზაციო კუთხით, ყველაფერი რიგზე იყო და ეს ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ეს საკითხი განხილვის პროცესშია. მსოფლიო ფედერაცია მზადაა ტურნირი თბილისში ჩაატაროს, ეს საკითხი შეთანხმებულია და დარჩა მხოლოდ ქართული მხარის პოზიცია. მთავრობის მხარდაჭერაა საჭირო და ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩვენთან გაიმართება. 

popsport: რას ეტყვი გულშემატკივრებს, რომლებიც ელოდებიან შენს დაბრუნებას?

ჯანაშია: დიდი მიზნებით ვბრუნდები და ეს არ ეხება მხოლოდ ჩემპიონატებს. ჩემი მიზანია, რომ გინესის რეკორდი მოვხსნა და ეს მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენთან, საქართველოში მოხდეს. მინდა, რომ 26 სამგზავრო ვაგონისგან შემდგარი მატარებელი გავწიო, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. რეკორდი 25 ვაგონია და ეს მაჩვენებელი უნდა გავაუმჯობესო. ბუნებრივია, ამ ღონისძიებას ინგლისიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან და რეკორდი ოფიციალურად დაფიქსირდება. ეს ამბავი 2020 წლის ზაფხულში, ივლისის ბოლოს, ან აგვისტოში იგეგმება. ასე რომ, ჩემს გულშემატკივრებს საინტერესო სიახლეებს ვპირდები.

📺 ძალიან ძლიერი კაცი, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო იცნობს [04.04.2019]

 

კომენტარები

ბოლო ამბები