Thumbnail

TOP 5 საშინელებათა ჟანრის თამაში, რომელიც ჰელოუინზე უნდა გაიხსენოთ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • წარმოგიდგენთ ყველაზე საშიშ თამაშებს!
  • გაფრთხილება: ეს თამაშები სუსტი გულის მქონეებისთვის არ არის!

ჰელოუინის გაგონებაზე ყველას ახსენდება გოგრები, აჩრდილები, ვამპირები და ყველაფერი რაც საშიში და იდუმალებით მოცულია. ახლა, როცა კოსტუმებში გამოწყობა და კარნავალზე წასვლა არ შეგვიძლია, ჰელოუინის ღამეს, ჰორორ ჟანრის ვიდეოთამაშებით გართობა, ნამდვილად კარგი გამოსავალია.

დღევანდელ სტატიაში, ჩვენ შემოგთავაზებთ საშინელებათა ჟანრის თამაშების საუკეთესო ხუთეულს, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გაიხსენოთ!

5. Dead Space

Dead Space გადარჩენისთვის ბრძოლისა და საშინელებათა ჟანრის თამაშია, რომლის ავტორი EA Redwood Shores სტუდიაა. თამაში 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა და ვინდოუსზე, Xbox-სა და PlayStation-ზეა ხელმისაწვდომი. Dead Space-ის მომხიბვლელობა მის საი-ფაი ატმოსფეროშია. მთავარი გმირი, აიზეკ კლარკი, ინჟინერია, რომელიც ნეკრომორფებს, გაცოცხლებულ მიცვალებულებს ებრძვის.

Dead Space იმითაა განსაკუთრებული, რომ ნორმალურ თვალის სიმაღლის ხედვის კუთხეს არ იყენებს. ამის ნაცვლად, მოთამაშეს ინფორმაცია ჰოლოგრაფიულად გადაეცემა აიზეკის Resource Integration Gear (RIG), რომელიც მის აბჯარსა და იარაღშია ჩამონტაჟებული. მოთამაშე რუკაზე საკუთარ ადგილმდებარეობასაც ჰოლოგრაფიული პროექციის საშუალებით ამოწმებს. ამავე სისტემით ირჩევს იარაღს  და სხვა აქსესუარებს. თუმცა, სანამ მენიუებში ხართ, თამაში რეალურ დროში ვითარდება და შესაძლოა, საფრთხეში აღმოჩნდეთ, თუ დიდხანს მოადუნებთ ყურადღებას.

Dead Space-ს კრიტიკოსებისგან იშვიათი ქება ერგო წილად. მას ყველა დროის საუკეთესო ვიდეოთამაშადაც კი მოიხსენიებდნენ. პირველმა თამაშმა ორ მილიონზე მეტი ასლი გაყიდა. ასეთი დადებითი გამოხმაურების შემდეგ, თამაშის 2 სიქუელი: Dead Space 2 და Dead Space 3 გამოვიდა.

4. Outlast

Outlast საშინელება ჟანრის ლიდერების ყველა ჩამონათვალში იმსახურებს ყოფნას. ეს პირველი პირის ხედვის კუთხის თამაშია და მასში ჟურნალისტი მაილს აფშარის როლს მოირგებთ. მაილს გადაწყვეტს, კოლორადოს შტატის ერთ-ერთ ქალაქში განთავსებულ ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში მიმდინარე მოვლენები გამოიკვლიოს. 

Outlast-ის პირველი ნაწილი ჯერ ვინდოუსისთვის, 2013  წლის 4 სექტემბერს გამოვიდა, მოგვიანებით კი, ლინუქსის, OS-ის, Xbox-ს, PS4-სა და Switch-ის ვერსიებიც გახდა ხელმისაწვდომი. თამაშმა კრიტიკოსების გული მოიგო განსაკუთრებული ატმოსფეროთი, დამაჯერებელი საშინელებათა ელემენტებით და მოქნილი გეიმფლეით. 

თამაშის სიქუელი, Outlast 2 2017 წლის 25 აპრილს გამოვიდა.

3. Silent Hill 2

Silent Hill-იც იაპონური საშინელებათა ჟანრის თამაშების ფრენჩაიზია, რომელიც 12 თამაშს მოიცავს. მისი ავტორი კეიჩირო ტოიამაა, დეველოპერი სტუდია კი Konami Digital Entertainment-ი. 

Silent Hill-ის სიუჟეტი გამოგონილ ამერიკულ ქალაქში მიმდინარეობს. ავტორების მიხედვით, თამაშზე დიდი გავლენა იქონია ფსიქოლოგიური ჰორორის წიგნებმა. Silent Hill 2 პირველი თამაშის პირდაპირი სიქუელია, თუმცა მისი ცალკე თამაშის შემთხვევაშიც იოლად გაერკვევით სიუჟეტში. 

Silent Hill 2-ის მთავარი გმირი, ჯეიმს სანდერლენდი, ქალაქში მაშინ ჩადის, როცა მისი გარდაცვლილი ცოლისგან წერილს იღებს, საიდანაც იგებს, რომ ამ ქალაქში მისი სიკვდილის საიდუმლოს ამოხსნა შეუძლია. თამაში მესამე პირის ხედვის კუთხისაა და ბრძოლის ნაცვლად, სამხილების შეგროვებასა და ამოცანების ამოხსნაზეა ორიენტირებული. პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დეტალები, ამ თამაშის ხიბლია: მაგალითად, თამაშისას, მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ წერილი, რომლის გამოც ამ ქალაქში მოხვდით, უბრალოდ გაქრა. თამაშში უამრავი მინიშნებაა, რომელთა გადაწყვეტაშიც ჟანრის შესაბამისი ისტორიის, ფილმებისა და ლიტერატურის ცოდნა დაგეხმარებათ. 

2. Resident Evil 4

Resident Evil ის თამაშია, რომელიც, თუ გეიმინგის სამყაროსთან ახლოს ხართ, დახურული თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. RE, იგივე Biohazard, იაპონური თამაშია, კომპანია Capcom-ის ავტორობით. ფრენჩაიზი არა მარტო თამაშსა და ცნობილი ჰოლივუდური ფილმების სერიას მოიცავს, არამედ ნოველებს, კომიქსებსა და აუდიო სპექტაკლებს. სიუჟეტი ზომბების ეპიდემიის გავრცელების ირგვლივ ვითარდება, რომლის მიზეზიც კორპორაცია Umbrella-ა. 

Resident Evil-ის პირველი თამაში 1996 წელს გამოვიდა და 30-მდე თამაშს მოიცავს. თუ ეს თამაში ჯერ არ გიცდიათ, Resident Evil 4-ით დაწყებას გირჩევთ, შემდეგ კი - Resident Evil 2-ის 2019 წლის რიმეიქით და Resident Evil 7-ით განაგრძეთ. Resident Evil 4 თამაში მესამე პირის ხედვის კუთხისაა და მისი მოქნილი და საშიში სიურპრიზებით სავსე სიუჟეტით, უნაკლო და დახვეწილი გეიმფლეის სტილითა და ინოვაციური მექანიკით, ის ნამდვილად იმსახურებს Resident Evil-ის ფრენჩაიზის საუკეთესო თამაშის ტიტულს.

1. Alien: isolation

Alien: Isolation 2014 წლის საშინელებათა ჟანრის თამაშია, რომელიც პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკის ფრენჩაიზის Alien-ის ნაწილია. მისი ავტორები Sega და Microsoft არიან და თამაში PC-ზე, Xbox-სა და PlayStation-ზეა ხელმისაწვდომი. თამაში 1979 წელს გამოსული ფილმის Alien-ის სიქუელია და მისი მოვლენებიდან 15 წლის შემდეგ მიმდინარეობს. თამაშის მთავარი გმირი, ამანდა რიპლი, ფილმის გმირის ელენ რიპლის ქალიშვილი, საკუთარი დედის გაუჩინარების საქმეს იკვლევს.

Alien-ის ფრენჩაიზის სხვა თამაშებისგან განსხვავებით, Isolation ნაკლებადაა ორიენტირებული ექშენზე და ძირითადად თვითგადარჩენის თამაშია. მისი დიდი პლიუსია ის, რომ თამაში Alien-ის ორიგინალ ფილმს ჰგავს (შინაარსითაც და ვიზუალურადაც). თამაშის ავტორებმა,Creative Assembly-იმ, მისთვის ნულიდან შექმნეს game engine, რაც უნიკალურ ატმოსფეროსა და შუქ-ჩრდილების საოცარ თამაშს გვთავაზობს, რაც, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საშინელებათა ჟანრისთვის დიდი პლიუსია.

თამაში პირველი პირის ხედვის კუთხითაა აწყობილი, რაც მას უფრო დაძაბულსა და საშიშს ჰხდის. სხვათაშორის, თამაში იმდენად პოპულარული იყო, რომ დეველოპერებმა 2015 წელს მისი OS-სა და Linux-ზე ადაპტირებაც მოახდინეს, ხოლო 2019 წლის ბოლოს ის Switch-ზეც გამოვიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები