Thumbnail
  • ‘ვარდებს’ პირველობის შენარჩუნებისთვის ფინალში მოგება სჭირდებათ
  • ახალი ზელანდია რეიტინგის შემოღების შემდეგ უმდაბლეს პოზიციაზე აღმოჩნდა

ინგლისის სარაგბო ნაკრები, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალში ახალ ზელანდიას 19:7 სძლია და ტურნირზე მეტოქის 18-მატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა, მსოფლიო რეიტინგს სათავეში მოექცა.

“ვარდებს” კლასიფიკაციის პირველი საფეხური ბოლოს 2004 წლის ივნისში ეკავათ, ამდენად, ლიდერის პოზიცია ზუსტად 5 613 დღის შემდეგ დაიბრუნეს.

აი, “ოლ ბლექსს” კი, ინგლისელებთან მარცხი არა მხოლოდ პირველობის, არამედ, მე-2 საფეხურის დაკარგვადაც დაუჯდა.

ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მსოფლიო თასის მე-2 ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკამ უელსს 19:16 სძლია.

საინტერესოა, რომ ახალი ზელანდია ასეთ დაბალ პოზიციაზე მსოფლიო რეიტინგის შემოღების ანუ 2003 წლის შემდეგ პირველად აღმოჩნდა.

შედეგად, პლანეტის საუკეთესო ოთხეული, ახლა, ასე გამოიყურება: 1. ინგლისი – 92.29; 2. სამხრეთ აფრიკა – 90.71; 3. ახალი ზელანდია – 89.92; 4. უელსი – 87.21;

საგულისხმოა, რომ მსოფლიო თასის დასკვნით მატჩებში სწორედ აღნიშნული ნაკრებები ითამაშებენ. პარასკევს, მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს ახალი ზელანდია და უელსი გაეჯიბრებიან, შაბათს კი, ფინალში, ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ვიხილავთ.

აღნიშნული მატჩები რეიტინგზე დიდ გავლენას იქონიებენ და ყველა ვარიანტის განხილვას არ დავიწყებთ. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ თუკი სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასს მოიგებს, რეიტინგშიც პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს იაპონიის ნაკრების პროგრესი, რომელიც მსოფლიო თასის სტარტზე მე-10 პოზიციაზე იყო, მშობლიურ კედლებში კი ნამდვილი ფურორი მოახდინა, მე-8 ადგილზე გადაინაცვლა და თანაც, ავსტრალიას და საფრანგეთს სულ მცირედითღა ჩამორჩება.

მსოფლიო თასის შედეგებს აქტივში ნამდვილად ვერ ჩავუთვლით საქართველოს სარაგბო ნაკრებს. ბორჯღალოსნები იაპონიაში ჩასვლის ჟამს 73.29 ქულით მე-12 საფეხურზე იყვნენ, ახლა კი, 71.26 ქულით მეთოთხმეტენი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები