Thumbnail
  • 32 წლის ჩილელი კატალონიურ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა
  • ნახევარმცველს იტალიაში დაბრუნება და ყოფილ მწვრთნელთან მუშაობა სურს

ბარსელონას ნახევარმცველი არტურო ვიდალი, რომელიც კატალონიურ კლუბში სათამაშო დროის სიმცირით აშკარად უკმაყოფილოა, იტალიაში დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს. იუწყებიან, რომ 32 წლის ჩილელი ფეხბურთელით მილანის ინტერი სერიოზულადაა დაინტერესებული და ამის გამო არტურომ უარიც კი თქვა ჩინურ წინადადებაზე.

ცოტა ხნის წინ არტურო ვიდალმა არ დამალა, რომ ბარსელონაში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა მონაწილეობა 8 მატჩში მიიღო, სასტარტოში კი სულ ერთხელ - სევილიასთან შეხვედრაში იყო. ამასთან, მოედანზე შეცვლაზე შესულმა 20 წუთზე მეტი სულ ორ მატჩში ითამაშა. 

ჩილელ ნახევარმცველს ანტონიო კონტესთან მუშაობა ისევ სურს 

რაც შეეხება მილანის ინტერის ვარიანტს, "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად პრიორიტეტულ ვარიანტად სწორედ ვიდალის დამატებას განიხილავს. ამის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს, მის აგენტს კი შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება უკვე დაწყებული აქვს. შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტსა და ჩილელს ერთად ტურინის იუვენტუსშიც უმუშავიათ.

როგორც La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, სულ ახლახან არტურო ვიდალს შეთავაზება ჩინური კლუბისგან ჰქონდა, მაგრამ ჩილელმა აზიელები უარით გაისტუმრა.

 არტურო ვიდალი ბარსელონაში 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მშობლიურ კოლო-კოლოში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ჩილელი მოთამაშე საფეხბურთო ევროპამ ლევერკუზენის ბაიერიდან გაიცნო. 2011 წელს არტურო ტურინის იუვენტუსში გადავიდა, სადაც 4 წარმატებული წელი გაატარა, რის შემდეგაც მიუნხენის ბაიერნს მიაშურა და ბუნდესლიგაში კიდევ სამი სეზონი ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები