Thumbnail

პიონჩანი 2018, VI დღე | შემტევი ვიკინგისა და ნორვეგიის ტრიუმფი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოლიმპიადაზე მედლების 9 კომპლექტი გათამაშდა.
  • ნორვეგიელებმა 3 ოქრო მოიპოვეს.
  • გერმანელებმა 2 ოქრო მიითვალეს.
  • თითო ოქრო აშშ-მ, კანადამ, შვედეთმა და საფრანგეთმა მოიგო.

პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე დატვირთული დღე გამოდგა - ჯამში მედლების 9 კომპლექტი გათამაშდა. ამის მიზეზი უამინდობაა, რომელიც წინა დღეებში სამთო-სათხილამურო შეჯიბრებების გადადების მიზეზი გახდა.

ქალთა გიგანტურ სლალომზე და მასში ნინო წიკლაურის მონაწილეობაზე უკვე გაუწყეთ - ქართველმა სპორტსმენმა საბოლოოდ 46-ე ადგილი დაიკავა და ოლიმპიადას ხვალ სლალომით დაასრულებს. 

შემტევი ვიკინგის ისტორიული ოქრო

აქსელ ლუნდ სვინდალი გამარჯვებულია

ვაჟთა შორის სწრაფდაშვების სტარტი, როგორც იქნა, შედგა და მასში 35 წლის ნორვეგიელმა აქსელ ლუნდ სვინდალმა გაიმარჯვა, რომელსაც "შემტევ ვიკინგს" უძახიან. სვინდალი ნორვეგიული სპორტის ისტორიაში შევიდა, რადგან სწრაფდაშვებაში ამ ქვეყანას აქამდე არასოდეს ჰქონია ოლიმპიური ოქრო.

სვინდალმა მე-4 ოლიმპიური მედალი მოიპოვა, ის უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია - ვანკუვერში მან სუპერგიგანტი მოიგო. 

ვერცხლიც ნორვეგიელებისაა, ის კიეტილ იანსრუდმა მოიპოვა. პოდიუმზე ავიდა მსოფლიოს ჩემპიონი ბეატ ფოიციც.

პოდიუმი

1. აქსელ სვინდალი (ნორვეგია) - 1:40.25

2. კიეტილ იანსრუდი (ნორვეგია) - +0.12

3. ბეატ ფოიცი (შვეიცარია) - +0.18

მსოფლიო რეკორდით

ალიონა სავჩენკო და ბრუნო მასო

ფიგურულ ციგურაობაში წყვილებში გერმანულმა დუეტმა გაიმარჯვა - ალიონა სავჩენკომ და ბრუნო მასომ. მათ ბრწყინვალე, 4,5-წუთიანი თავისუფალი პროგრამა შემოგვთავაზეს და ქულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს - 159,31 ბალი. 

უკრაინული წარმოშობის სავჩენკოსთვის ეს მე-5 ოლიმპიადაა, მესამე პარტნიორთან, თუმცა აქამდე მას ორი ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული - ვანკუვერში (2010) და სოჭში (2014).

ვერცხლი ჩინურ დუეტს შეხვდა, ხოლო ბრინჯაო - კანადურს. მოკლე პროგრამის მერე მეორე ადგილზე მყოფი რუსები (ევგენია ტარასოვა, ვლადიმირ მოროზოვი), რომლებიც პრეტენზიას ოქროს მედლებზე აცხადებდნენ, საბოლოოდ პოდიუმს მიღმა დარჩნენ. 

პოდიუმი

1. ალიონა სავჩენკო/ბრუნო მასო (გერმანია) - 235.90 ქულა

2. ვენინ სუი/კონ ჰანი (ჩინეთი) - 235.47

3. მეგან დუამელი/ერიკ პადფორი (კანადა) - 230.15

ავსტრალია და ესპანეთი პოდიუმზე

უცნაური დროშები ზამთრის ოლიმპიადისთვის

სნოუბორდის დისციპლინა ქროსში მცირე ფინალში გასული რუსი ნიკოლაი ოლიუნინი სტარტზე აღარ გამოვიდა, რადგან მას ფეხი მოუტეხია. საბოლოოდ ოლიმპიური ოქრო ფრანგმა პიერ ვოლტიემ მოიპოვა. 

30 წლის ვოლტიე ამ დისციპლინის ნომერ პირველი სპორტსმენია და მან სოჭის ოლიმპიადაც მოიგო. ბოლო სამი სეზონია, რაც ის მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა. 

რეხინო ერნანდესი მესამე ესპანელია ვინც ზამთრის ოლიმპიადებზე მედალი მოიპოვა და პირველი 26-წლიანი პაუზის შემდეგ.

პოდიუმი

1. პიერ ვოლტიე (საფრანგეთი)

2. ჯარიდ ჰიუზი (ავსტრალია)

3. რეხინო ერნანდესი (ესპანეთი)

მე-12 ოლიმპიური მედალი

გამარჯვებული რაგნჰილდ ჰაგა

სათხილამურო რბოლაში, ქალთა ინდივიდუალური გარბენა 10 კილომეტრზე ნორვეგიელმა რაგნჰილდ ჰაგამ გაიმარჯვა. პიონჩანის პირველი ოქროს მედლის მფლობელმა, შვედმა შარლოტ კალამ ამჯერად, ვერცხლი იკმარა. ხოლო 10 თებერვალს ვერცხლის მედალოსანმა, ლეგენდარულმა მარიტ ბიორგენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 37 წლის ბიორგენს ზამთრის ოლიმპიადებზე უკვე 12 მედალი აქვს მოპოვებული, ყველაზე მეტი ქალ სპორტსმენთა შორის. 

პოდიუმი

1. რაგნჰილდ ჰაგა (ნორვეგია) - 25:00.5

2. შარლოტ კალა (შვედეთი) - +20.3

3. მარიტ ბიორგენი (ნორვეგია) - +31.9

ორი ოქრო და ახლა ბრინჯაო პიონჩანში!

ბიატლონისტ ქალთა სამეული

15 კილომეტრზე ინდივიდუალურ რბოლაში ბიატლონისტ ქალებს შორის 22 წლის შვედმა ჰანა ებერგმა გაიმარჯვა. მან ოთხივეჯერ სუფთად ისროლა სასროლეთში და საჯარიმო არ მიუღია. სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე რუსი ანასტასია კუზმინა მეორე იყო, რადგან ორი ნასროლი გაუცუდდა. არადა, სისწრაფით სლოვაკმა ყველას აჯობა. 

მესამეზე გავიდა გერმანელი ლაურა დალმაიერი, რომელმაც პიონჩანში უკვე მესამე მედალი მოიგო (აქამდე ორჯერ ჩემპიონი გახდა).  ებერგის გამარჯვება დღის მთავარი სენსაციაა, რადგან იგი მსოფლიო თასის ჩათვლაში ამ სეზონში 58-ე ადგილზე იმყოფებოდა. 

პოდიუმი

1. ჰანა ებერგი (შვედეთი) - 41:07.2 წთ.

2. ანასტასია კუზმინა (სლოვაკეთი) - +24.7

3. ლაურა დალმაიერი (გერმანია) - +41.2

სისწრაფემ უშველა

იოჰანეს ბიომ ორი ააცილა

ბიატლონისტ ვაჟებში 20 კილომეტრზე რბოლაში ნორვეგიელმა იოჰანეს ბიომ იმარჯვა. პირველ და მეოთხე სასროლეთზე მან თითოჯერ ააცილა, თუმცა ამან მას საბოლოო გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა. მსოფლიოს თასის ლიდერმა და პიონჩანში უკვე ერთხელ გამარჯვებულმა ფრანგმა მარტენ ფურკადმა მე-5 ადგილი იკმარა.

პოდიუმი

1. იოჰანეს ბიო (ნორვეგია) - 48:03.8 წთ.

2. იაკოვ ფაკი (სლოვენია) - +5.5

3. დომინიკ ლანდერშტინგერი (ავსტრია) - +14.2

ჰოლანდიელს ოლიმპიური რეკორდით თუ მოუგებ

10 ათას მეტრზე ვაჟთა რბენაში ჰოლანდიელთა დომინაცია ციგურაობაში დაამხო კანადელმა ტოდ-ჟან ბლუმენმა დაამხო, რომელმაც ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. მეორეზე ჰოლანდიელი იორიტ ნედი გავიდა. 

პოდიუმი

1. ტედ-ჟან ბლუმენი (კანადა) -12:39.77 წთ.

2. იორიტ ნედი (ჰოლანდია) - +2.21

3. ნიკოლა ტუმოლერო (იტალია) - +14.55

გერმანიამ უკეთ იციგავა

გერმანიის ნაკრები ციგაობაში

ციგაობაში გუნდურ ესტაფეტაში გერმანიის ნაკრებმა გაიმარჯვა. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ნატალი ჰაიზენბერგერი, იოჰანეს ლუდვიგი, ტობიას ვენდელი და ტობიას არლტი. ორი უკანასკნელი პიონჩანში ორადგილიან ციგებშიც გახდა ჩემპიონი. 

პოდიუმი

1. გერმანია - 2:24.517 წთ.

2. კანადა - +0.355

3. ავსტრია - +0.471

კომენტარები

ბოლო ამბები