Thumbnail

ტრიუმფატორი ძალოსნები თბილისში დაბრუნდნენ - ასანიძე: ტემპი არ უნდა დავაგდოთ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვა
  • ქართული გუნდის აქტივში 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია
  • ძალოსნები თბილისში დაბრუნდნენ, აეროპორტში კი მათ გულშემატკივრები დახვდნენ 

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ტრიუმფალური გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. შეჯიბრი იუნიორებს და 23-წლამდე ძალოსნებს შორის ჩატარდა. 

საქართველოს ნაკრებმა სულ 17 მედალი მოიპოვა, რაც ფენომენალური შედეგია. ქართული გუნდის აქტივში 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია. შედეგად, გიორგი ასანიძის და გია ცირეკიძის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 23 წლამდელებს შორის მონაწილე 6 ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვება ექვსიმემ შეძლო! ქართველი ძალოსნები თბილისში ტრიუმფით დაბრუნდნენ, აეროპორტში კი მათ საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. იქვე, მწვრთნელმა და სპორტსმენებმა კომენტარები გააკეთეს... 

ქართველი ძალოსნები თბილისის აეროპორტში

გიორგი ასანიძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
"გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დავიკავეთ, რაც არ არის პატარა წარმატება. გვაქვს დიდი გამარჯვებები, არის პატარა ჩავარდნები, მაგრამ საერთო ჯამში, ქართული ძალოსნობა აღმავლობის გზაზეა და ეს ტემპი არ უნდა შეჩერდეს. მით უმეტეს, წინ ოლიმპიური თამაშები გველოდება". 

ლაშა ტალახაძე (საქართველოს ნაკრების ძალოსანი)
"ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს. 23-წლამდელებს შორის სულ 6 ქათველი ძალოსანი მონაწილეობდა ტურნირში და ყველამ მედალი მოიპოვა. 20-წლამდელებმაც ბრწყინვალედ იასპარეზეს და ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ისინი გადიან იმ გზას, რაც ჩვენ გავიარეთ. სამომავლოდ მათგან დიდ წარმატებას ველოდები და იმედია, გაამართლებენ ამ მოლოდინს".

რევაზ დავითაძე (საქართველოს ნაკრების ძალოსანი)
"მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება მინდოდა, მაგრამ წელის ტრავმამ შემიშალა ხელი. ვეცდები, მომავალში უფრო მეტად მოვუფრთხილდე თავს და კიდევ უკეთესად ვიასპარეზო, რადგან მეტი შემიძლია".

ქართველი ძალოსნები და მათი შედეგები

ანტონ პლესნოი: 3 ოქრო
გოდერძი ბერდელიძე: 2 ოქრო, და 1 ვერცხლი
რევაზ დავითაძე: 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
გიორგი დოკვაძე: 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
გოგა ჩხეიძე: 2 ბრინჯაო, 1 ვერცხლი
გიორგი ჩხეიძე: 2 ბრინჯაო

რევაზ დავითაძემ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები