Thumbnail

სეზონის სტარტზე კაირი ირვინგი საუკეთესოა. თუ მან ასე გააგრძელა, MVP-ს, სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე რეალური პრეტენზია ექნება. ირვინგმა 33 ქულა მემფისს ჩაუგდო და სეზონის სტარტზე შედეგიანობის მხრივ, თამაშში 37.7 ქულით მხოლოდ ატლანტა ჰოუქსის ტრე იანგს ჩამოუვარდება.

ირვინგის ეს შედეგი ახალ რეკორდს ნიშნავდა - პირველ სამ თამაშში მან 113 ქულის დაგროვება შეძლო, რაც NBA-ში საუკეთესო შედეგია, რომელიმე მოთამაშის მიერ ახალ გუნდში ჩაგდებული ქულების მიხედვით. წინა რეკორდი ჯეიმს ჰარდენს ეკუთვნოდა  - მან ახალი გუნდის პირველ სამ თამაშში 106 ქულის ჩაგდება მოახერხა.

ირვინგის შედეგიანობის მიუხედავად ბრუკლინმა გამარჯვება მაინც ვერ მოახერხა. ოვერტაიმში მემფისს ჯეი კრაუდერმა ბოლო წამებზე ჩაგდებული სამქულიანით მოაგებინა (134:133). მემფისის რიგებში ძალიან კარგი იყო სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ახალწვეული - ჯო მორანტი (30 ქულა). მორანტს სპეციალისტები ზაიონთან ერთად ლიგის საუკეთესო ახალწვეულად მიიჩნევენ.

შედეგიანი შეხვედრა შედგა დალასშიც. ლუკა დონჩიჩი-კრისტაპს პორზინგისის წყვილი კვლავ შეუჩერებელი იყო. სლოვენიელს 29 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა, ლატვიელს კი - 32 ქულა. ამის მიუხედავად დალასი დაძაბულ ბრძოლაში პორტლენდთან მაინც დამარცხდა (119:121). გამარჯვებულებს შორის 35 ქულით საუკეთესო მათი გარდი სი ჯეი მაკკალუმი იყო. 

დალასმა საერთოდაც, 50 სამქულიანი ისროლა (მხოლოდ 44 სროლა ორქულიანიდან), თუმცა პორტლენდი უფრო ზუსტი იყო (51.7 %), მაშინ, როცა ტექსასელებს ზუსტი სროლების მხოლოდ 39 პროცენტი ჰქონდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები