Thumbnail

ურთულესი ორი საათი ბელგრადში - დღეს სერბეთთან თამაშის დღეა

  • დღეს, 23:00: სერბეთი V საქართველო
  • სერბეთის ნაკრები ფავორიტია
  • მარკოიშვილი: ტაქტიკა დავამუშავეთ, მთავარია მწვრთნელის მითითებები სწორად შევასრულოთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ბელგრადში ითამაშებს. ალექსანდრ ნიკოლიჩის სახელობის არენაზე მეტოქე ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი, სერბეთი იქნება.

მასპინძლები წყვილის გამოკვეთილი ფავორიტები არიან, პირველ ტურში მათ ავსტრიის ნაკრები 21-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს და ქულების დაკარგვას არც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ საშინაო დაპირისპირებაში გეგმავენ.

საკვალიფიკაცკიო ეტაპის მონაწილე სხვა გუნდებისგან განსხვავებით, სერბებს სამი ევროლიგის მოთამაშეც ჰყავთ. ცრვენა ზვეზდამ საკუთარ ინტერესებზე მაღლა ალეკსანდრ ჯორჯევიჩის სურვილები დააყენა.

საქართველოს ნაკრების დანაკლისზე ბევრჯერ ითქვა, ზუროსის შემადგენლობა ოპტიმალურისგან შორისაა. ფიბა-ევროლიგის დაპირისპირებამ და ტრავმებმა ეროვნულ გუნდი შენგელიას, შერმადინის, სანაძის, ცინცაძის და ბურჯანაძის გარეშე დატოვა. ხემნიცში 9-ქულიანი სხვაობით წაგებული მატჩი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა იმაზეც ყველა თანხმდება, რომ დღეს, 23 საათიდან, ეროვნულ ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ყველაზე რთული შეხვედრის ჩატარება მოუწევს.

სერბებს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ათენში აკროპოლისის თასზე ვეთამაშეთ. ის მატჩი, ისევე როგორც მთლიანად ტურნირი, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტი მაშინ დუდა სანაძის სამქულიანი გამოდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები