Thumbnail
  • გიორგი შერმადინმა 16 ქულა ჩააგდო, თორნიკე შენგელიამ - 20
  • ქართველთა გუნდებს 6 ტურის თავზე 3-3 მოგება აქვთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურის დასკვნით მატჩში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ სტუმრად გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფეს 79:78 სძლია, ქართველმა ლეგიონერებმა კი ჯამში 36 ქულა ჩააგდეს.

ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო. შერმადინმა მოედანზე 32:16 წუთი გაატარა და 16 ქულა,4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. საინტერესოა, რომ ქართველმა ცენტრმა 8-ვე ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა,1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გიოს მასპინძელთა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (25) ჰქონდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ უბერებელმა ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა 22 ქულას 6 პასი წაამატა.

შენგელიამ 29:53 წუთი ითამაშა და აქტივში 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 7-ჯერ დაირღვა.

თორნიკე სარგებლიანობის კოეფიციენტით (20) თბილისის ვითას ყოფილ წევრ პიერია ჰენრის (24 ქულა) და არგენტინელ პატრისიო გარინოს (21 ქულა) ჩამორჩა.

ბასკონიას და იბეროსტარ ტენერიფეს 3-3 მოგება-წაგება მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეზობლად - მეშვიდე-მერვე ადგილებზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს ბასკური კლუბი მადრიდის რეალს უმასპინძლებს, ხოლო ტენერიფელები ესტუდიანტესს ესტუმრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები