Thumbnail

უგოლო ფრე თბილისურ დერბიში - დინამო ბათუმმა ლიდერობა შეინარჩუნა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საბურთალომ და დინამო თბილისმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს
  • თბილისურმა ყაიმმა ცხრილის სათავეში დინამო ბათუმი დატოვა

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი ვაკეში,  მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც საბურთალო დინამო თბილისს დაუხვდა და მართალია, მეტოქის კართან გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შექმნა, მხოლოდ ქულას დასჯერდა - 0:0.

საბურთალოს ფეხბურთელებმა ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს
📸 | POPSPORT.COM

მასპინძლებს დაწინაურების შანსი უკვე მე-3 წუთზე ჰქონდათ, როდესაც საჯარიმოს ფარგლებიდან ჯერ გიორგი გაბედავა უტევდა, შემდეგ კი თორნიკე გორგიაშვილი, თუმცა, დინამოელთა მცველებმა და გოლკიპერმა მომენტის განმუხტვა მოახერხეს.

📺 გაბედავას მომენტი

მალევე გატანა ძალიან აქტიურად მოთამაშე გიორგი კოხრეიძეს შეეძლო, რომელმაც კუთხურიდან თავით დაარტყა, დინამოს ესპანელმა მეკარე ხოსე პერალესმა კი ბურთი ზედ ხარიხის ქვემოდან გამოაძრო.

📺 კოხრეიძის მომენტი

სტუმრებს საწყის ნახევარში გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი 32-ე წუთზე მიეცათ, როდესაც ნიკა ნინუას პასის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი პაპავა გავიდა, თუმცა, 25-ოდე მეტრიდან მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეს მცირედით ააცილა.

📺 პაპავას მომენტი

სახიფათო მომენტები მე-2 ტაიმშიც მრავლად შეიქმნა. ორწუთიან მონაკვეთი პერალესმა შეცვლაზე შესული ლუკა ლაკვეხელიანის და კოხრეიძის დარტყმულები მოიგერია, საბურთალოს კაპიტან გაგი მარგველაშვილის გასროლა კი კარს მცირე მანძილით ასცდა.

61-ე წუთზე სადავო ეპიზოდი შეიქმნა - გარღვევაზე დინამოელთა ფორვარდი ლევან კუტალია გარბოდა, როდესაც საბურთალოელთა გოლკიპერი ლაზარე კუპატაძე კარიდან გამოვარდა და მეტოქეს ძალიან უხეშად დაეჯახა. დინამოელები მეკარის გაძევევას ითხოვდნენ, თუმცა, შეხვედრის არბიტრმა ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად არ შეაფასა და კუპატაძეს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

📺 კუპატაძის და კუტალიას მომენტი

მალევე იგივე კუტალია მეტოქის მცველებს საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩათ, თუმცა, ლევანმა ათიოდ მეტრიდან თავით კარს მცირედი ააცილა.

ბოლო ოციოდ წუთში უპირატესობა ისევ მასპინძელთა მხარეს გადავიდა და ფლანგზე გაჭრილმა ნიკოლოზ მალიმ ბურთი ძელს გაარტყა, ყენიამ კარს მცირედით ააცილა, კოხრეიძეს მცველები ჩაუწვნენ, ნიკა სანდოხაძის დარტყმული კი პერალესმა საოცარ ნახტომში მოიგერია.

📺 სანდოხაძის მომენტი

გუნდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ტემპი არც მატჩის ბოლო წუთებისკენ დაუგდიათ. თამაში ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა, თამაში მაინც უგოლო ფრით დასრულდა.

ამგვარად, ეროვნული ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის სათავეში უაღრესად დაძაბული ვითარებაა.

ჩემპიონატს 64 ქულით კვლავაც დინამო ბათუმი ლიდერობს, დინამო თბილისს 63 ქულა აქვს, საბურთალოს კი - 61.

მომდევნო 33-ე ტურში, რომელიც 1-3 ნოემბერს ჩატარდება, ბათუმელები საჩხერის ჩიხურას ესტუმრებიან, თბილისის დინამო ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს, ხოლო საბურთალო გორში დილასთან ითამაშებს.

საბურთალო 0:0 დინამო თბილისი

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე – მალი, სანდოხაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი (51. ლაკვეხელიანი) – ალთუნაშვილი, ტერა – ტაბატაძე (72. როლოვიჩი), გორგიაშვილი (66. გორგიაშვილი), კოხრეიძე – გაბედავა.

დინამო (4-1-4-1): პერალესი – ქიმაძე, კობოური, მონხილი, იაშვილი (58. რუხაია) – პაპავა – კაპლიენკო (74. მჭედლიძე), ნინუა, ქარდავა (61. კუხიანიძე), ქავთარაძე – კუტალია.

კომენტარები

ბოლო ამბები