Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრების დასანანი მარცხი ჩრდილოეთ მაკედონიასთან

  • ქართველმა ხელბურთელებმა ბოლო წამზე გაშვებული ბურთით წააგეს
  • ჩვენი ნაკრების მიზანი ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში თამაშია

 საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ბოლო წამზე გაშვებული გოლით წააგო. ბორის ტრაიკოვსკის არენაზე თამაში მასპინძელთა გამარჯვებით, 29-28 დასრულდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ზედიზედ მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში, საქართველო კი ჯერჯერობით მხოლოდ მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად იბრძვის. ანუ, აშკარა ფავორიტი მასპინძელი იყო, თუმცა რეალურად ეს უფრო თანაბარი დონის გუნდების თამაშს ჰგავდა.

ჩრდ. მაკედონია 29:28 საქართველო

თამაში შესანიშნავად დაიწყო საქართველოს ნაკრების მეკარე შოთა თევზაძემ (7 მოგერიება პირველ ტაიმში), თუმცა, ჩვენებს ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ (7 დაკარგული ბურთი პირველ ნახევარში). ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა თამაში გაათანაბრა და მეტოქეს კვალში ჩაუდგა. ტაიმის შუაში იყო პერიოდი, როდესაც მასპინძლები 14-9-ს იგებდნენ, თუმცა ქართველებმა შეამცირეს სხვაობა და საბოლოოდ, ტაიმი 17:14 დასრულდა.

მეორე ნახევარში დაცვაში შემოვიდა ლექსო წითელიშვილი, თევზაძემ კიდევ სამი დარტყმა მოიგერია, ორჯერ ეფექტურად ჩაირბინა ხაზზე რუსტამოვმა, რეგულარულად გაჰქონდა ხაზის მოთამაშე არენაშვილს (9 გოლი), და დიხამინჯიამაც შეაგდო მარჯვენა კუთხიდან. კბილაშვილის ორი ძალისმიერი გარღვევისა და ერთი შედეგიანი პასის შემდეგ, სხვაობა მინიმუმამდე დავიდა (21-22) და ბოლომდე თანაბარი თამაში წავიდა. თამაშში კარგად ჩაერთო მეკარე ზურაბ ცინცაძე, რომელმაც 4 დარტყმა მოიგერია.

საქართველოს ხელბურთის ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში, თუმცა, წინ ვერ გავიდა. ტრავმა მიიღო არსსენაშვილმა და ის უჩა მაიურაძემ შეცვალა, ბოლო წუთები კი გიორგი ცხოვრებაძის იყო, რომელმაც ბოლო 5 გოლიდან 4 გატანა. ორჯონიკიძის გაძევების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონია ორი ბურთით დაწინაურდა (27-25), მაგრამ ცხოვრებაძემ 9 მეტრიდან ორჯერ გაათანაბარა: 27-27 და 28-28. დარჩენილ წუთნახევარში ცხოვრებაძემ კიდევ ერთი გაიტანა, თუმცა ქართველებმა ორი გაუშვეს, მათ შორის ერთი ბოლო წამზე და საბოლოოდ, 29:28 მასპინძელთა სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრებს იანვარში უწევს 5 ოფიციალური თამაში. 10-12 იანვარს, იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებია იტალიასთან, რუმინეთთან და კოსოვოსთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინეთთან ორი მატჩია: 16 იანვარს თბილისში და 19 იანვარს გასვლაზე. სწორედ ფინეთთან დაპირისირებამ უნდა გაარკვიოს, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპულ ელიტაში შესვლას და 32 უძლიერეს გუნდთან ერთან ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში თამაშს.

ჩრდ. მაკედონია - საქართველო 29-28

საქართველო: თევზაძე (10), ცინცაძე (4) – არსენაშვილი 9, ცხოვრებაძე 8,  ორჯონიკიძე 3, კბილაშვილი 3, რუსტამოვი 2, დიხამინჯია 2, ჩიქოვანი 1,  გოგოლაძე, წითელიშვილი, მაისურაძე (ტორონჯაძე - ჭანტურია, სიმონია, ლაპიაშვილი, მერკვილაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები