Thumbnail

‘ნეიმარს ემსგავსება’ - ყოფილ ჩემპიონს მბაპეს განცხადებები არ მოსწონს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრისტოფ დიუგარიმ კილიან მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
  • საფრანგეთის ნაკრების ექს-ფორვარდი მისი განცხადებებით უკმაყოფილოა

მსოფლიოსა და ევროპის ყოფილმა ჩემპიონმა კრისტოფ დიუგარიმ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი კილიან მბაპე გააკრიტიკა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს ახალგაზრდა ფორვარდის ეგოისტური განცხადება არ მოეწონა. დიუგარის მიაჩნია, რომ მბაპე ნელ-ნელა ნეიმარს ემსგავსება, რაც ძალიან არ მოსწონს.

კრისყოფ დიუგარი

“შესაძლოა, საკმაოდ ხისტი ვარ შეფასებებში, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ ამ ბიჭმა იმედები გამიცრუოს. იმედია ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ნეიმარს ემსგავსება და ისეთი ხდება, როგორიც ნეიმარია. კილიანი უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო, ლეგენდარული ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ თუ არასწორ ნაბიჯებს გადადგამს, ყველაფერი შეიძლება იმაზე გაცილებით სწრაფად შეიცვალოს უარესობისკენ, ვიდრე მბაპეს წარმოუდგენია,” - განაცხადა დიუგარიმ RMC Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში, ბრიუგესთან მოგებული მატჩის (5:0) შემდეგ მბაპემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშეს. “თავიდანვე თამაში მინდოდა და ველოდი, რომ სასტარტოში ვიქნებოდი. ცხადია, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ მე უბრალოდ მინდოდა, მეჩვენებინა, რომ ჩემზე უარის თქმა ადვილი არ არის,” - თქვა მბაპემ ბრიუგესთან მატჩის შემდეგ, რომელშიც ჰეთთრიკი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც უკვე 15 გოლი აქვს გატანილი. მან ლიონელ მესის რეკორდი მოხსნა.

კრისტოფ დიუგარი, ზინედინ ზიდანი და ბიქსენ ლიზარაზუ 1998 წელს

კრისტოფ დიუგარი 20 წლის მბაპეს კატეგორიულად არ ეთანხმება: “არ ვამბობ, რომ მბაპე კარგი ბიჭი არ არის, მაგრამ ასეთი კომენტარების გაკეთებას არ მივესალმები,” - აღნიშნა 47 წლის ექს-ფორვარდმა, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები მილანსა და ბარსელონაში აქვს გატარებული.

“ყველაზე მეტად მისი კომენტარის ის ნაწილი არ მომეწონა, სადაც ამბობს, რომ უნდოდა ეჩვენებინა, როგორი რთულია მის გარეშე თამაში,” - დასძინა კრისტოფ დიუგარიმ.

კილიან მბაპემ ამ სეზონში პსჟ-სთვის 8 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები