Thumbnail
  • პარიზის მასტერსი 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე მოლდოველი რადუ ალბოტი იქნება

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე, შესაძლოა, ლეგენდარულ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაპირისპირდეს. ამისთვის, ნიკას საწყისი რაუნდის დაძლევა სჭირდება.

ROLEX PARIS MASTERS საჩოგბურთო სამყაროში ძალიან დაფასებული ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდიც 5 791 280 ევროს უტოლდება, კორტზე კი თითქმის ყველა უძლიერეს მოთამაშეს ვიხილავთ.

პირველ ნომრად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი, რომელსაც ესპანელი რაფაელ ნადალი, ფედერერი, რუსი დანიილ მედვედევი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, გერმანელი ალეკსანდრ ზვერევი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და სხვები მიჰყვებიან.

ბასილაშვილი ბრძოლას პირველი წრიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი რადუ ალბოტი იქნება. ნიკოლოზს მეტოქე, რომელთან ერთადაც წყვილებში ხშირად ირჯება, ოთხივე გასულ შეხვედრაში დამარცხებული ჰყავს, ბოლოს, სულ ცოტა ხნის წინ, შანხაის მასტერსზე - 4:6, 6:1, 6:3.

თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა მოლდოველს ამჯერადაც აჯობა, 45 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს და რაც მთავარია, ლეგენდარულ შვეიცარიელთან თამაშის საშუალებაც მიეცემა. აქამდე, ნიკოლოზს როჯერთან ერთადერთხელ, 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე უთამაშია და მაშინ ფედერერმა 6:2, 6:1, 6:2 მოიგო.

ვთქვათ ისიც, რომ პარიზში შარშან გამართულ ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს აჯობა, შემდეგ კი, სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონთან სამ სეტში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები