Thumbnail
  • 📅 27 ოქტომბერი | ⌚ 13:00 | 🏉 უელსი V სამხრეთ აფრიკა | პირველი არხი
  • ‘დრაკონებს’ ‘ქურციკებისთვის’ ზედიზედ 4 მატჩი აქვთ მოგებული

2019 წლის მსოფლიო თასის მე-2 ნახევარფინალისტი ასევე იოკოჰამაში, 27 ოქტომბერს გაირკვევა. მატჩი, რომელშიც უელსის ნაკრები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მას ფრანგი ჟერომ გარსეზი განსჯის.

თავდაპირველად სტატისტიკაზე ვთქვათ, რომელიც ორგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუკი მხედველობაში საერთო მაჩვენებლებს ავიღებთ, აშკარა უპირატესობა აფრიკელთა მხარესაა. “ქურციკებს” 35 მატჩიდან 28 აქვთ მოგებული, 6-ჯერ უელსს უმარჯვია, ერთი შეხვედრა კი ფრედ გახლავთ დასრულებული.

სამაგიეროდ, ბოლო პერიოდში აშკარა უპირატესობა ევროპელთა მხარესაა. 2015 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში განცდილი მარცხის (19:23) შემდეგ, “დრაკონებს” სამხრეთ აფრიკისთვის ზედიზედ 4 მატჩი აქვთ მოგებული, მათ შორის ბოლო – გასული წლის ნოემბერში (20:11). მართალია, ამ ოთხიდან 3 მატჩი კარდიფში ჩატარდა (ერთი – ვაშინგტონში), თუმცა, “ქურციკებისთვის” მაინც მძიმე სტატისტიკაა.

“დრაკონები” მომავალ შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან. ტრავმის გამო მინდორზე ვერ გავა ჯოშ ნავიდი, რომელმაც მუხლი საფრანგეთთან მეოთხედფინალურ მატჩში დაიზიანა. სხვათა შორის, მის არყოფნაში “წითლებმა” იაპონიაში სასწრაფო წესით კარდიფის წევრი ოუენ ლეინი გამოიძახეს, თუმცა, ის მომავალი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

დაშავებულია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლიამ უილიამსიც, რომელიც შესაძლოა საქმეში იმ შემთხვევაშიც კი ვერ ვიხილოთ, თუკი, უელსელები ფინალში გავლენ.

უილიამსის არყოფნაში ფულბექის პოზიციაზე ასევე გამოცდილი ლი ჰაფ’პენი დადგება და კარგია, რომ ტრავმის მოშუშება მოასწრო ჯონათან დევისმაც. “დრაკონების” შუამარბმა ფეხი ფიჯისთან მატჩში დაიშავა, მომდევნო 2 შეხვედრა გამოტოვა და წესით, საკვირაო თამაშსაც უნდა დაკლებოდა, თუმცა, მომჯობინდა და ცენტრში ჰედლი პარქსს შეუწყვილდება.

ნახევარფინალს მიღმა დარჩენა ემუქრებოდა უელსელთა 8 ნომერ როს მორიართის, რომელმაც საფრანგეთთან მატჩში გაელ ფიკუ უხეშად შებოჭა და ყვითელი ბარათი მიიღო. ასეთი ქმედებისთვის, აქამდე, მსოფლიო რაგბი მოთამაშეებს სამ კვირამდე დისკვალიფიკაციით სჯიდა, უელსელს კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა და კვირას, ის სასტარტო თხუთმეტეულში იქნება.

შედარებით ნაკლები პრობლემები აქვთ აფრიკელებს, რომელთაც უსწრაფესი გარემარბი ჩესლინ კოლბე დააკლდებათ. “ქურციკების” ჩია მორაგბემ კოჭი ჯერ კიდევ კანადასთან მატჩში დაიზიანა, იაპონიასთან კი ტრავმა გაირთულა და ლაზარეთში გადაინაცვლა. კოლბეს არყოფნაში 14 ნომრის პოზიციაზე სბუ ნკოსი დადგება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა უელსელთა ახალზელანდიელ თავკაც ვორენ გეთლენდს ეკუთვნოდა. როგორც ირკვევა ის ერთი ოცნებით სულდგმულობს: უნდა ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკას სძლიოს, ფინალში კი თანამემამულეებს აჯობოს და სამშობლოში თავაწეული ჩავიდეს.

უელსი: 1. ვინ ჯოუნზი, 2. ქენ ოუენსი, 3. თომ ფრანსისი, 4. ჯეიქ ბოლი, 5. ალინ-ვინ ჯოუნზი (კაპ.), 6. არონ ვეინ’რაითი, 7. ჯასთინ თიპურიქი, 8. როს მორიართი, 9. გარეს დევისი, 10. დენ ბიგარი, 11. ჯოშ ადამსი, 12. ჰედლი პარქსი, 13. ჯონათან დევისი, 14. ჯორჯ ნორსი, 15. ლი ჰაფ’პენი.
სათადარიგოები: 16. ელიოთ დი, 17. რის კა’რე, 18. დილონ ლუისი, 19 ადამ ბერდი, 20. არონ შინგლერი, 21. თომოს ვილიამსი, 22. რის პაჩელი, 23. ოუენ ვოთქინი.

სამხრეთ აფრიკა: 1. თენდაი მთავარირა, 2. ბონგი მბონამბი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. იბენ ეცებეთი, 5. ლუდ დე’იახერი, 6. სია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დიუ’ტოი, 8. დვეინ ფერმიულენი, 9. ფაფ დე’კლერკი, 10. ჰანდრე პოლარდი, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 12. დამიან დე’ალენდე, 13. ლუკანიო ამი, 14. სბუ ნკოსი, 15. ვილი ლე’რუ.
სათადარიგოები: 16. მალკომ მარქსი, 17. სთივენ კიცჰოფი, 18. ვინსენტ კოხი, 19. არ-ხე სნეიმანი, 20. ფრანკო მოსტერტი, 21. ფლო ლოუ, 22. ჰერშელ იანკისი, 23. ფრანს სტეინი.

კომენტარები

ბოლო ამბები