Thumbnail
  • 📅 26 ოქტომბერი | ⌚ 12:00 | 🏉 ინგლისი V ახალი ზელანდია | პირველი არხი
  • 'ოლ ბლექსს' 'ვარდებთან' ბოლო 16 მატჩიდან 15 მოგებული აქვს

თითქმის ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, დიდი რაგბი ბრუნდება. იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასზე, შაბათ-კვირას ნახევარფინალური მატჩები ჩატარდება და იმ ნაკრებთა ვინაობას შევიტყობთ, რომლებიც 2 ნოემბერს ვებ ელისის სახელობის თასისთვის იბრძოლებენ.

ხვალ, იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონზე ინგლისის და ახალი ზელანდიის შერკინებაა დაგეგმილი. პრინციპული თამაში თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, მსაჯი კი უელსელი ნაიჯელ ოუენსი იქნება.

გასაკვირი არაა, რომ სტატისტიკა “ოლ ბლექსის” მხარესაა. უკვე 12 წელია, ზელანდიელებს მსოფლიო თასზე არ წაუგიათ და ეს სერია 18 წარმატებულ თამაშს ითვლის.

ახალი ზელანდიის ნაკრებს ინგლისთან მსოფლიო თასზე აქამდე ყველა დაპირისპირება მოგებული აქვს, “ვარდებთან” გამართული ბოლო 16 მატჩიდან 15 კი სათავისოდ დაუსრულებია, მათ შორის, გასული წლის ნოემბერში, ლონდონურ “თვიქენჰემზე” – 16:15.

მეოთხედფინალებთან შედარებით, მეტოქეთა მწვრთნელებმა – ედი ჯოუნზმა (ინგლისი) და სთივ ჰანსენმა (ახალი ზელანდია) შემადგენლობებში მინიმალური ცვლილებები შეიტანეს.

ინგლისის ნაკრების სასტარტო თხუთმეტეულში დაბრუნდა მგეზავი ჯორჯ ფორდი, ოუენ ფარელმა შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლა, ჰენრი სლეიდი კი თადარიგში აღმოჩნდა.

“ოლ ბლექსის” მაისურით პირველივე წუთებიდან ვიხილავთ მოედანზე მესამეხაზელ სკოთ ბარეთს, სემ ქეინი კი თამაშში მარქაფიდან ჩაებმება.

“არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. უკვე ნახევარფინალში ვართ და ედი ჯონსმა ყოველთვის იცის, ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში როგორ უნდა იმოქმედოს. მისი გეგმის მჯერა. იმედი მაქვს, იოკოჰამაში ნამდვილ შოუს დავდგამთ”, - განაცხადა ინგლისელთა 8 ნომერმა ბილი ვუნიპოლამ, რომელიც ეროვნული გუნდის მაისურით საიუბილეო 50-ე მატჩს ჩაატარებს.

კომენტარი გააკეთა ზელანდიელთა თავკაცმა სთივ ჰანსენმაც: “მომავალი მატჩის გარშემო ისეთი ამბავია ატეხილი, უფლება არ გვაქვს განსაკუთრებულად არ ვითამაშოთ. მეტოქეც ისეთი გვყავს, იქნებ საუკუნის თამაშიც გამოვიდეს. ადამიანებმა, რომლებიც რაგბს შაბათს პირველად ნახავენ, უნდა თქვან, ვაუ, ეს რა მაგარი სპორტი ყოფილა”.

ინგლისი: 1. მაკო ვუნიპოლა, 2. ჯემი ჯორჯი, 3. ქაილ სინქლერი, 4. მარო ითოჟე, 5. ქორთნი ლოზი, 6. თომ ქარი, 7. სემ ანდერ’ჰილი, 8. ბილი ვუნიპოლა, 9. ბენ იანგსი, 10. ჯორჯ ფორდი, 11. ჯონი მეი, 12. ოუენ ფარელი (კაპ.), 13. მანუ ტუი’ლანგი, 14. ენთონი ვოთსონი, 15. ელიოთ დეილი.
სათადარიგოები: 16. ლუქ ქოუან-დიქი, 17. ჯო მარლერი, 18. დენ ქოული, 19. ჯორჯ ქრუზი, 20. მარქ ვილსონი, 21. ვილი ჰაინსი, 22. ჰენრი სლეიდი, 23. ჯონათან ჯოზეფი.

ახალი ზელანდია: 1. ჯო მუდი, 2. ქოდი თეილორი, 3. ნეპო ლაულალა, 4. ბროდი რეთალიქი, 5. სემ ვაითლოქი, 6. სქოთ ბარეთი, 7. არდი სავეა, 8. ქიარან რიდი (კაპ.), 9. არონ სმითი, 10. რიჩი მოჰუნგა, 11. ჯორჯ ბრიჯი, 12. ენთონ ლენართ-ბრაუნი, 13. ჯექ გუდჰიუ, 14. სევუ რისი, 15. ბოდენ ბარეთი.
სათადარიგოები: 16. დეინ ქოულზი, 17. ოფა ტუჰუნგა’ფასი, 18. ენგას ტაჰავაო-მატაუ, 19. პათრიქ ტუი’პულოტუ, 20. სემ ქეინი, 21. თი-ჯეი პერენარა, 22. სონი-ბილ ვილიამსი, 23. ჯორდი ბარეთი.

კომენტარები

ბოლო ამბები