Thumbnail

NBA | კავაი დაფრინავს, კარის პრობლემები აქვს - კლიპერსმა გოლდენ სტეიტსაც მოუგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გოლდენ სტეიტმა სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა და მოგების შანსი არ ჰქონდა
  • სტეფ კარი საკუთარ თავს არ ჰგავს, კავაი ლეონარდი ბრწყინვალეა

მეორე უმნიშვნელოვანესი მატჩი და მეორე მოგება - ლოს ანჯელეს კლიპერსს ახალ სეზონში ჯერ მხოლოდ 2 მატჩი აქვს გამართული და უკვე დაამტკიცა, რომ მთავარი ფავორიტია!

ლეიკერსთან ბრწყინვალე გამარჯვებიდან (112:102) ორი დღის შემდეგ, ლოს ანჯელეს კლიპერსმა გოლდენ სტეიტსაც მოუგო და თანაც, სოლიდური ანგარიშით - 141:122. უორიორსი Chase Center-ში პირველად თამაშობდა და საკუთარი პუბლიკის აღფრთოვანება ვერ შეძლო.

კლიპერსი პირველიდან ბოლო წუთამდე დომინირებდა. კავაი ლეონარდმა და კომპანიამ ტაიმი 11-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, მესამე მეოთხედში კი გოლდენ სტეიტს ნამდვილი ფოიერვერკი მოუწყვეს - ამ პერიოდში დოკ რივერსის გუნდმა სტივ კერის გუნდს 46 ქულა ჩაუგდო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.

კავაის მხოლოდ 21 წუთი მოუწია თამაშმა და ამ დროში 21 ქულით, 9 პასითა და 5 მოხსნით გაიბრწყინა. წინა სეზონის ფინალის MVP-ს, მოულოდნელად, კარგად ეხმარებოდნენ პატრიკ პატერსონი (20 ქულა) და ივიცა ზუბაცი (16 ქულა, 10 მოხსნა). ლუის უილიამსმა 22 ქულა ჩააგდო და 8 პასი გააკეთა, მონტრეზ ჰარელმა კი 18 ქულა მიითვალა.

გოლდენ სტეიტს, საიდანაც ზაფხულში კევინ დურანტი წავიდა, კლეი ტომპსონი კი მინიმუმ ახალ წლამდე ვერ ითამაშებს, ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მართალია, სტეფ კარიმ 23 ქულა დააგროვა, მაგრამ სამქულიანის 11 მცდელობიდან მხოლოდ 2 ჩააგდო, ბურთი 8-ჯერ დაკარგა და მხოლოდ 4 პასი გააკეთა. ახალწვეული დ’ანჯელო რასელი უკეთ გამოიყურებოდა - მან 20 ქულა და 8 პასი დააგროვა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 122:141 ლოს ანჯელეს კლიპერსი (მიმოხილვა)

ამრიგად, ორი თამაშის შემდეგ ლოს ანჯელეს კლიპერსს დასავლეთ კონფერენციაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს და თანაც, ლეიკერსი და გოლდენ სტეიტი ჰყავს დამარცხებული. კავაი და კომპანია მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს, სტუმრად, ფინიქსთან გამართავენ. გოლდენ სტეიტი იმავე დღეს, ასევე სტუმრად, ოკლაჰომას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები