Thumbnail

‘რუსეთის დროშით გინახავთ?’ - მაკგრეგორი ბრუნდება და ნურმაგომედოვს ემუქრება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კონორ მაკგრეგორმა მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა
  • ირლანდიელმა დაადასტურა, რომ ოქტაგონზე ბრუნდება
  • მისი თქმით, ხაბიბ ნურმაგომედოვთან რემატჩიც გარდაუვალია

კონორ მაკგრეგორმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოქტაგონზე ბრუნდება. უკვე ცნობილია ის დღე, როცა 31 წლის ირლანდიელი ბრძოლას გამართავს - ეს 2020 წლის 18 იანვარს, ლას ვეგასში მოხდება. მაკგრეგორმა სამომავლო გეგმებზე მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა 2018 წლის ოქტომბერში, ხაბიბ ნურმაგომედოვთან გამართა, რომელშიც დამარცხდა.

წაიკითხე შეშლილი ლათინოსი - ანუ, ვინ დაამარცხებს ხაბიბს?

მარტში ირლანდიელმა თქვა, რომ კარიერა დაასრულა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი სპორტიდან წასვლა გადაიფიქრა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება 18 იანვარს კონორის მეტოქე. ESPN-ის რეპორტიორის, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, ეს ან დონალდ სერონე იქნება, ანაც ჯასტინ გეიჯი. ჯერჯერობით ფავორიტი ჩერონეა.

“ჩემთვის სულერთია, ვის შევხვდები. ჩემს მოწინააღმდეგეს იმას ვუზამ, რასაც ხერხი უზამს კარაქს!” - განაცხადა ირლანდიელმა.

კონორმა ხაბიბ ნურმაგომედოვსაც შეუთვალა რაღაც-რაღაცები: “რემატჩი შედგება. ხაბიბს შეუძლია, გაიქცეს, მაგრამ ვერ დამემალება! დამიჯერე, ყველგან მოგაგნებ!”

მაკგრეგორმა ნურმაგომედოვზე უფრო ვრცლადაც ილაპარაკა: 

კონორი ხაბიბზე: “მას, რაღაც მიზეზის გამო, მოსკოვის ბრძოლის ეშინია. არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი რუსეთს წარმოადგენს. გინახავთ ოდესმე რუსეთის დროშით ისე, როგორც მე მაქვს ხოლმე ირლანდიის დროშა ამაყად აღმართული? მე არ მინახავს. ის მოსკოვის ბრძოლას გაურბის. ხალხს ეს უნდა, მამამისსაც უნდა, თვითონ კი არ უნდა. რისკის ეშინია. კაცი, რომელსაც რისკის ეშინია, დიდხანს ვერაფერს მიაღწევს. ჩემი და მისი რემატჩი გარდაუვალია. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოხდება!”

კომენტარები

ბოლო ამბები