Thumbnail

'ჯერ ჩემპიონობა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა' - ტეიდის დიდი მიზნები დინამო ბათუმში

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ექსკლუზიური ინტერვიუ დინამო ბათუმის ნიგერიელ ლეგიონერთან
  • 25 წლის ნახევარმცველი ბათუმში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, სატურნირო ცხრილს კი დინამო ბათუმი ლიდერობს. გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტია. წინ კიდევ 5 მატჩია, უახლოესი კი ბათუმლებს ანგისას ბაზაზე, ვიტ ჯორჯიასთან ელოდებათ. მოახლოებულ მატჩზე და ზოგადად, საჩემპიონო რბოლაზე popsport.com-ის კითხვებს აჭარული გუნდის ნიგერიელმა ლეგიონერმა, ბენჟამინ ტეიდიმ უპასუხა... 

popsport: როგორი გაანწყობაა გუნდში ვიტ ჯორჯიასთან თამაშის წინ? 

ტეიდი: გუნდში შესანიშნავი განწყობაა. მართალია, გორში ქულები დავკარგეთ, თუმცა ამას ჩვენზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ქულების მაქსიმალური რაოდენობა მოვიპოვოთ და ჩემპიონები გავხდეთ.

popsport: როგორ თამაშს ელოდები მეტოქისგან?

ტეიდი: ეროვნულ ლიგაში მარტივი მეტოქე არ არსებობს. ყველა გუნდი უნდა დააფასო და თამაშს სერიოზულად მიუდგე. მაქსიმალური ყურადღება გვმართებს დაცვაში და აქტიურობა შეტევაში. ასეთ შემთხვევაში, სამი ქულის მოპოვებას შევძლებთ. ვიტ ჯორჯიასგან წინააღმდეგობას ველით. 

popsport: ელოდი, რომ დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა?

ტეიდი: ჩემპიონატის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ პირველობისთვის ბრძოლა შეგვეძლო და დღეს, ეს მიზანი უკვე რეალურია. ეს შედეგი კლუბის მენეჯმენტის და გუნდის მოთამაშეების დამსახურებაა.

აი, ასეთი გოლების გატანა შეუძლია ბენჟამინ ტეიდის

ტეიდის გოლი სიონის კარში

popsport: როგორ გრძნობ თავს ბათუმში და რა მოგწონს ყველაზე მეტად როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა? 

ტეიდი: ბათუმი შესანიშნავი ქალაქია. თამაშის დროს მომწონს გარემო, რომელსაც გულშემატკივრები ქმნიან. ჩვენი ქომაგები საოცრად კარგები არიან. ძალიან მომწონს ქალაქი, რადგან ბათუმში ბევრი ლამაზი ადგილია. მომწონს ბათუმელები, რომლებიც ყოველთვის კეთილგანწყობილი არიან ჩემს მიმართ. ასევე მიყვარს აქაური კერძები.

popsport: ბათუმელ გულშემატკივრებს ყველა გამოარჩევს. შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა?

ტეიდი: ბათუმელი ფანების მხარდაჭერა ჩემთვის და მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოტივაციას გვმატებენ და მათი როლი გუნდის წარმატებაში ძალიან დიდია.

popsport: დინამო ბათუმს უკავშირებ მომავალს, თუ სეზონის დასრულების შემდეგ, შეიძლება სხვა გუნდში გიხილოთ?

ტეიდი: ვფიქრობ, ჩემი მომავალი დინამო ბათუმთან არის დაკავშირებული. აქ ძალიან ბედნიერი ვარ და კლუბის შეცვლას არ ვაპირებ. მომწონს ქალაქიც და გულშემატკივრებიც. ჩემპიონობის შემთხვევაში, დინამო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა და მსურს, გუნდს ევროტურნირებზე წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

📺 ტეიდის აჭარული ქვიზი

ტეიდის აჭარული ქვიზი! 🍿

ფუნჩხი რა არის როგორ არ იცოდი... 🤣 🏟 მოდი თამაშზე: დინამო ბათუმი V ვიტ ჯორჯია

Posted by FC Dinamo Batumi on სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2019

popsport: არაერთ ქართულ გუნდში გითამაშია, მათ შორის ქვედა ლიგებში, დღეს კი ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძვი. გაიხსენე პირველი ნაბიჯები და ის გზა, რამაც აქამდე მოგიყვანა...

ტეიდი: ჩემი ქართული კარიერა გაგრაში დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე გუნდი შევიცვალე. მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. თავს ყველგან კარგად ვგრძობდი, თუმცა უფრო მაღალ დონეზე შემეძლო თამაში და საბედნიეროდ, დინამო ბათუმში აღმოვჩნდი.

popsport: დავუბრუნდეთ მიმდინარე სეზონს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, წნეხი იზრდება და ხომ არ მოქმედებს ეს ფეხბურთელებზე უარყოფითად? 

ტეიდი: წნეხი, რა თქმა უნდა, იზრდება, თუმცა ფეხბურთელები მენტალურად კარგად ვართ მომზადებული. ერთმანეთს ვეხმარებით და მწვრთნელიც მუშაობს ამ მიმართულებით. ყველა თამაშს სრული სერიოზულობით ვეკიდებით. მაგალითად დღეს, სრულად ვართ კონცენტრირებულები ვიტ ჯორჯიასთან მატჩზე.

ტეიდის გოლი ვიტ ჯორჯიას კარში

popsport: წინ 5 ფინალია. რას ეტყვი გულშემატკივრებს გადამწყვეტი მატჩების წინ?

ტეიდი: ისინი შესანიშნავები არიან. ვეტყვი რომ გააგრძელონ ჩვენი მხარდაჭერა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დარჩენილი მატჩები მოვიგოთ და ჩემპიონები გავხდეთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები