Thumbnail

გამარჯვება ყოფილ 29-ე ჩოგანთან – შაფათავა და ბოლქვაძე 1/8-ფინალში გავიდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სოფიო შაფათავამ აგნეშკა რადვანსკას უმცროს დას მოუგო
  • ტურნირზე პირველ ნომრად მარიამ ბოლქვაძეა განთესილი

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ მსოფლიოს ყოფილ 29-ე ჩოგან ურსულა რადვანსკას მოუგო.

ეს, ჩინეთის ქალაქ ნანინგში მოხდა, სადაც სოფიო პოლონელ მეტოქეს პირველი წრის მატჩში გადაეყარა და 2:6, 6:2, 6:4 სძლია.

29 წლის ურსულას, რომელიც გაცილებით ცნობილი აგნეშკა რადვანსკას უმცროსი დაა, კარიერის პიკი 2012 წელს ჰქონდა, მას შემდეგ კი, უკუსვლა დაეწყო და ახლა, მსოფლიოს 259-ე ჩოგანია.

Lato jeszcze się nie skończyło🥰 Summer is not over yet🥰

Posted by Urszula Radwanska on კვირა, 20 ოქტომბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ შაფათავამ ნანინგის ტურნირის კვალიფიკაციაში მარცხი განიცადა და ძირითად ბადეში საერთოდ არ უნდა ეთამაშა, თუმცა, “იღბლიანი წაგებულის” სტატუსი ერგო და შანსი კარგად გამოიყენა.

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო რაუნდში ქართველი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე მე-5 ნომრად განთესილი ჩინელი შუიუე მა იქნება, რომელმაც თანამემამულე ჯიაქსი ლუს 6:3, 6:0 სძლია.

25-ათასიანი შეჯიბრის მერვედფინალში ითამაშებს საქართველოს პირველი ჩოგანი მარიამ ბოლქვაძეც, რომელსაც ნანინგშიც პირველი გათესვა აქვს.

მარიამ ბოლქვაძე

მარიამმა “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ ჩინელ სიჯია ვეის მხოლოდ 2 გეიმი დაუთმო (6:1, 6:1) და ახლა, ლიხტენშტეინელ კატინკა ვონ დეიხმანთან დაპირისპირება ელის.

ვთქვათ ისიც, რომ ქართველი გოგონები წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობენ და უკვე მეოთხედფინალში არიან გასულნი. შაფათავას პარტნიორი ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი გახლავთ, ბოლქვაძე კი ბელარუს ირინა შიმანოვიჩთან ერთად ირჯება.

კომენტარები

ბოლო ამბები