Thumbnail
  • ბაიერნს ოლიმპიაკოსთან გამარჯვება ძალიან ძვირად დაუჯდა
  • ზიულეს შემდეგ, მიუნხენურ გრანდს კიდევ ორი მცველი დაუშავდა
  • ნიკო კოვაჩი ბოატენგის და პავარის იმედად დარჩა

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენის ბაიერნს სერიოზული პრობლება აქვს: ნიკლას ზიულეს შემდეგ, რომელიც დაცვის ხაზში მთავარი ფიგურაა (აუგსბურგთან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს), რეკორდმაისტერს კიდევ ორი ისეთი ფეხბურთელი დაუშავდა, დაცვის ცენტრში მაღალ დონეზე თამაში რომ შეუძლიათ. ოლიმპიაკოსთან მოგებულ მატჩში (3:2) ტრავმები ლუკა ერნანდესმა და ხავი მარტინესმა მიიღეს. ესპანელი შესვენებაზე შეცვალეს, ფრანგი კი - მეორე ტაიმში.

ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის თქმით, მას ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სტადიონი ყავარჯნებით დატოვა. “ჩვენმა მთავარმა ექიმმა მიულერ-ვოლფარტმა ერნანდესს პირველი დიაგნოზი უკვე დაუსვა. ფაქტია, რომ ფეხბურთს რამდენიმე კვირა ვეღარ ითამაშებს,” - ეს მიუნხენური გრანდის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია. მისივე თქმით, ერნანდესი გაფრთხილებული იყო და საფრანგეთის ნაკრებში არ უნდა ეთამაშა. რაც შეეხება ხავი მარტინესს - მას კუნთის პრობლემა აქვს.

ამრიგად, ზიულეს, მარტინესისა და ერნანდესის ტრავმების შემდეგ, კოვაჩის განკარგულებაში მხოლოდ ორი მაღალი დონის ცენტრალური მცველია: ბენჟამენ პავარი და ჟერომ ბოატენგი, რომელსაც ბაიერნის შეფები ზაფხულში გუნდიდან გაშვებას უპირებდნენ და ახლა ალბათ ძალიან უხარიათ, რომ ბოატენგი გუნდში დარჩა. ბაიერნს ჰყავს ახალგაზრდა მცველი ლუკას მაიც, თუმცა ეს უკანასკნელი ზედმეტად გამოუცდელია იმისათვის, რომ კოვაჩს მისი იმედი ჰქონდეს. საჭიროების შემთხვევაში, დაცვის ცენტრში თამაში დავიდ ალაბასაც შეუძლია. ზიულეს ტრავმის შემდეგ, ბაიერნის პრეზიდენტი ული ჰიონესი ახალი მცველის შეძენას კატეგორიულად გამორიცხავდა. საინტერესოა, რას იტყვის ული ახლა, როცა ერნანდესი და მარტინესიც დაშავდნენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინტერი
  • ფრე
  • დორტმუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები