Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი პორტლენდში დამარცხდა.
  • უორიორსს კევინ დურანტის 50 ქულა არ ეყო.
  • ზაზა ფაჩულიას გუნდი პირველ ადგილზე აღარ არის.
  • ქართველი ცენტრის 1 ქულა და 1 მოხსნა 6 წუთში.

პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა კევინ დურანტის 50-ქულიან შოუს გაუძლო და NBA-ს მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტი 123:117 დაამარცხა!

კევინ დურანტი მატჩის შემდეგ

დურანტი შეუდარებელი იყო - 50 ქულის გარდა, KD 7 მოხსნით და 6 პასითაც გამოირჩა, მაგრამ, რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ეს ყველაფერი პორტლენდის დასამარცხებლად საკმარისი არ იყო. ეს პირველ რიგში დამიან ლილარდის დამსახურებაა, რომელმაც დურანტს სერიოზული კონკურენცია გაუწია. 27 წლის ლილარდს 44 ქულა (!), 8 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა.

კევინ დურანტმა 50-ქულიან ზღვარს 2014 წლის 21 მარტის შემდეგ პირველად მიაღწია. მაშინ მან ტორონტოსთან 51 ქულა ჩააგდო. დურანტის რეკორდი 54 ქულაა!

პორტლენდმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 40:27 მოიგო. მართალია, უორიორსი თამაშში დაბრუნდა და განსაკუთრებით მესამე პერიოდი ჩაატარა მაღალ დონეზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. დურანტს და კომპანიას დაცვაში სერიოზული პრობლემები ჰქონდათ და პორტლენდის 32-ე გამარჯვებას ხელი ვერ შეუშალეს.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი და 54 წამი გაატარა. ზაზას აქტივში 1 ქულა და 1 მოხსნაა. ფაჩულიამ 2-ქულიანი ერთხელ ისროლა და ვერ ჩააგდო, ორი საჯარიმოდან კი ერთი გამოიყენა. ერთადერთი მოხსნა მას დაცვაში ჰქონდა. მას ასევე 1 ჩაჭრა ჰქონდა - პლუს 1 დაკარგვა და 1 პერსონალური.

პორტლენდთან წაგების შემდეგ გოლდენ სტეიტმა დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი დაკარგა - ახალი ლიდერი ჰიუსტონ როკეტსია, რომელმაც საკრამენტო 100:91 დაამარცხა. უორიორსს და როკეტსს 44-44 გამარჯვება აქვთ, მაგრამ გოლდენ სტეიტს ტექსასელებზე ერთით მეტი, 14 წაგება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები