Thumbnail

ამ სტატიაში ნახავთ, თუ რა ტიპის გუნდია ინდიანა, როგორ თამაშობს და რას უნდა ელოდოს გოგა ბითაძე ახალ კლუბში.

წყნარი ქალაქი და გამართული ორგანიზაცია

ინდიანაპოლისი ამერიკის ჩრდილოეთში, დიდი ტბების რეგიონში მდებარეობს და დაახლოებით 800 000 მაცხოვრებლით, ამერიკული მასშტაბით, არცთუ ისე დიდი ქალაქია. რა შუაშია ეს გოგა ბითაძესთან? ინდიანა არ არის ლოს ანჯელესის, ან ნიუ იორკის ტიპის გასართობი ცენტრი - დიდი ბაზარით და დიდი მედიაზეწოლით. ინდიანაპოლისში გოგას ყველაფერი აქვს, მშვიდად რომ კონცენტრირდეს მხოლოდ კალათბურთზე და პირად განვითარებაზე. ამერიკაში მიიჩნევა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის კარიერის დაწყება ამ ტიპის ქალაქებსა თუ გუნდებში უფრო მარტივია.

ინდიანა NBA-ს ყველაზე მდიდარი გუნდი არ არის, თუმცა ძალიან გამართული მენეჯმენტი ჰყავს. წარმოშობით ინდიანაპოლისიდანაა ლარი ბერდი - ბოსტონ სელტიკსის და NBA-ს უდიდესი ლეგენდა. ბერდი ინდიანას პრეზიდენტია და მისი მმართველობის პერიოდში, პეისერსი ორგანიზებულად მუშაობს და მუდამ ახერხებს პლეი ოფში თამაშს. ამ მხრივ, გოგა ბითაძეს უფრო მეტად გაუმართლა, ვიდრე, მაგალითად, თორნიკე შენგელიას, რომელიც ბრუკლინ ნეთსში მოხვდა, რომელსაც იმ დროს ორგანიზაციული და მენეჯმენტის პრობლემები აწუხებდა.

აქცენტი ახალგაზრდებზე - სტრატეგიული გადაწყვეტილება

როგორც აღვნიშნე, ინდიანა მცირე ბაზრის გუნდია და არცთუ ისე მიმზიდველი ადგილი საცხოვრებლად NBA-ს სუპერვარსკვლავებისთვის. შესაბამისად, ლარი ბერდის გუნდი არასოდეს ცდილობს ბაზარზე არსებული თავისუფალი სუპერვარსკვლავების მიწვევას - ამას უბრალოდ აზრი არ აქვს. ინდიანა აქცენტს ყოველთვის დრაფტზე არჩეულ მოთამაშეებსა და შემდგომ მათ განვითარებაზე აკეთებს.

ბოლო 25 წელიწადში, ინდიანაში სულ ორ დიდ ვარსკვლავს უთამაშია - რეჯი მილერს და პოლ ჯორჯს - ორივე მათგანი დრაფტზე აირჩიეს. გოგა ბითაძისთვის ეს კარგი ამბავია - ის იმ ორგანიზაციაში მოხვდა, რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი განვითარება კარგად გამოსდის.

პოლ ჯორჯი ინდიანა პეისერსში 2010-დან 2017 წლამდე თამაშობდა

ამ სეზონის წინ, ინდიანადან თითქმის ყველა გამოცდილი მოთამაშე წავიდა - ბოიან ბოგდანოვიჩი, ტადეუშ იანგი, დერეკ კოლისონი, ტაირიკ ევანსკი, კორი ჯოზეფი და ვესლი მეტიუზი. ამ მოთამაშეთა შორის ყველაზე ახალგაზრდა კორი ჯოზეფი იყო - 28 წლის, მათი უმეტესობა კი 30 წელს გადაცილებულია. წლევანდელ სეზონში ინდიანა ძალიან ახალგაზრდული გუნდია - მხოლოდ ორ მოთამაშეს აქვს ხუთზე მეტი სეზონი NBA-ში გატარებული - ვიქტორ ოლადიპოს და ჯერემი ლემბს.

წასული მოთამაშეები გასულ სეზონში სათამაშო დროის დიდ ნაწილს ავსებდნენ - ბოგდანოვიჩი საშუალოდ თამაშში 32 წუთს თამაშობდა, ტადეუშ იანგი - 30 წუთს, დერეკ კოლისონი - 28 წუთს, ვესლი მეტიუზი - 31 წუთს, ტაირიკ ევანსი - 20 წუთს, კორი ჯოზეფი - 25 წუთს.

ბოდგანოვიჩმა ინდიანაში 2 წელი გაატარა

წუთების გარდა, ამ მოთამაშეების წასვლა სროლების გამოთავისუფლებასაც ნიშნავს - წასული მოთამაშეების უმეტესობა ჩამყრელი მოთამაშეების რიგებში შედიოდა - ბოგდანოვიჩს თამაშში 18 ქულა ჰქონდა, იანგს -12.6, კოლისონს -11,2, მეტიუზს - 10.9. ეს შარშანდელი ინდიანას ქულების თითქმის ნახევარია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ინდიანას მწვრთნელ ნეიტ მაკმილანს ბევრი წუთები და სროლები გამოუთავისუფლდა ახალგაზრდებისთვის - მათ შორის, გოგა ბითაძესთვის.

ინდიანა გაძლიერდა

მალკოლმ ბროგდონი

ზემოთჩამოთვლილი მოთამაშეების წასვლის მიუხედავად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ სეზონის წინ ინდიანა გაძლიერდა. გასული რეგულარული სეზონი გუნდმა ძალიან კარგი შედეგით - 48 მოგებით და 34 წაგებით, მეხუთე ადგილზე დაასრულა. ეს შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი სიურპიზი იყო. წელს, ბევრად უფრო სუსტ აღმოსავლეთში, ინდიანასგან სპეციალისტები დაახლოებით 50 მოგებას და ოთხეულს ელოდებიან.

ოპტიმისტური მოლოდინის მიზეზი ის არის, რომ ლარი ბერდის გუნდმა რამდენიმე კარგი მოთამაშე დაიმატა. მათ შორის, ტი ჯეი ვორენი, რომელიც მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს და გასულ სეზონში პერიმეტრიდან 42.8 პროცენტით ისროდა. პერიმეტრიდან ქულები ინდიანას შარშან ძალიან აკლდა.

მთავარი შენაძენი მალკოლმ ბროგდონის გადმოსვლაა. ბროგდონი შარშანდელი სეზონის აღმოჩენა და მილუოკის ერთ-ერთი ლიდერი იყო - ის ძალიან კარგად ყრის თავადაც და უქმნის სროლებს თანაგუნდელებს. ტი ჯეი ვორენის მსგავსად მასაც ეხერხება სამქულიანების სროლა - ზუსტი სროლების 42.6 პერიმეტრიდან.

ინდიანას სტილი - ძალიან კარგი დაცვა

ინდიანას დაცვა გასულ სეზონში საუკეთესო იყო - თამაშში მიღებული 104.7 ქულით ინდიანას ყველაზე ცოტას უყრიდნენ NBA-ს 30 გუნდს შორის.

სამაგიეროდ, პრობლემატური იყო შეტევა - თამშში საშუალოდ ჩაგდებული 108 ქულით ინდიანა მხოლოდ 22-ე ადგილზე იყო NBA-ს 30 გუნდს შორის.

ამ მაჩვენებელების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი თამაშის ტემპია - ტრადიციულად, უფრო ნელ ტემპში მოთამაშე გუნდებს დაცვა უადვილდებათ, შეტევა კი ურთულდებათ. ამასთან ერთად, მათ თამაშში ნაკლები შეტევაა და ქულების ოდენობაც კლებულობს. ინდიანა გასულ სეზონში თამაშში 98.1 პოზიციით NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე ნელი გუნდი იყო - 24-ე ადგილი ლიგაში.

თამაშის ეს ტემპი გასაგებია - ინდიანას ორი ახალგაზრდა და ძალიან კარგი ცენტრი ჰყავს - საბონისი და ტერნერი. მასიური და გაბარიტული გუნდით სწრაფ ტემპში თამაში რთულია. ეს ორივე მოთამაშე ინდიანას ლიდერებად წელსაც დარჩებიან - შესაბამისად, თამაშის ტემპი ისევ არ მოიმატებს. გოგა ბითაძეს შეუძლია, ინდიანას დაცვითი სისტემიდან ბევრი რამ ისწავლოს.

📺 ვიდეო: ინდიანა პეისერსის საუკეთესო მომენტები წინა სეზონიდან

სამქულიანების პრობლემა

ზემოთ ვახსენე, რომ შეტევა ინდიანას ძლიერი მხარე არ არის. გასული წლის პლეი ოფშიც ინდიანა სწორედ ამიტომ დამარცხდა - ბოსტონ სელტიკსთან. ტრავმირებული ვიქტორ ოლადიპოს გარეშე ინდიანა საერთოდ ვერ უტევდა და 100 ქულას მხოლოდ ერთხელ გადაცდა. ამ სერიაში ინდიანას მხოლოდ ორმა მოთამაშემ შეძლო და თამაშში საშუალოდ 15-ზე მეტი ქულა ჩააგდო.

შესაბამისად, ინდიანა შეეცადა, ისეთი მოთამაშეები დაემატებინა, რომლებსაც შეტევა შეუძლიათ - ასეთებია ბროგდონი, ვორენი და ბითაძე.

საერთო მათ ერთი აქვთ - სამივეს სამქულიანის სროლა კარგად შეუძლია. ინდიანა წინა წელს 30 გუნდში 29-ე იყო ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობის მიხედვით - მასზე ცოტა სამიანს მხოლოდ ჩიკაგო ყრიდა.

გოგა ბითაძე იმ ტიპის ცენტრია, რომელსაც სამქულიანი სროლაც აქვს - ეს ინდიანასთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. პეისერსს უყვარს თავისი კომბინაციების ცენტრებზე აწყობა - თამაშში 14.1 ქულით საბონისი თავის გუნდში მესამე ადგილზე იყო ჩაგდებული ქულების მიხედვით, თამაშში 13.3 ქულით კი მაილს ტერნერი მეოთხეზე (მათზე მეტი ქულა მხოლოდ გუნდის ლიდერ ოლადიპოს და ბოგდანოვიჩს ჰქონდათ).

საბონისი და ტერნერი

მაილს ტერნერს პერიმეტრიდან სროლა შეუძლია (ზუსტი სროლების 38.6 პროცენტი), საბონისს კი არა - თამაშში მხოლოდ 0.2 სროლა პერიმეტრიდან. საბონისი მუდამ ახლოდან ცდილობს ისროლოს - მისი სროლების 76 პროცენტი 0-3 მეტრამდე დისტანციიდან სრულდება.

ასე რომ, როდესაც ინდიანას შეტევაში ერთდროულად ორი მსროლელი „დიდის“ ყოლა მოუნდება, თავისუფლად შეუძლია - ტერნერი-ბითაძეს წყვილს ენდოს. გოგა მათ შეტევაში დამატებით ოფციას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერნერს გრძელი სროლა აქვს და მისი სროლების 49 პროცენტი ან გრძელი ორქულიანია, ან სამქულიანი, მასთან ერთად ინდიანას შეტევა მაინც უარესად გამოიყურება (შეტევაში -1.4 ქულა, დაცვაში +4.7 ქულა).

საბონისთან ერთად, ინდიანას შეტევა უფრო ეფექტურია: +1.5 ქულა შეტევაში. ეს იმის დამსახურებაა, რომ ლიეტუველი ძალიან კარგია სამწამიანში. ასე რომ, ნეიტ მაკმილანს შეუძლია, ერთდროულად საბონისი-ბითაძეს წყვილიც ჰყავდეს - ლიეტუველს სამწამიანის სროლები მისცეს, გოგას კი - გრძელი და საშუალო სროლები.

ამასვე ადასტურებს დეტალური სტატისტიკა - გუნდის ლიდერი ოლადიპო შარშან თამაშში ჩართული 27.9 პროცენტით იყო, საბონისი - 23.5 პროცენტით, ტერნერი კი - 20 პროცენტით. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდიანა თავის თამაშს „დიდებზე“ აწყობს და გოგა ბითაძეს ბურთიც ექნება და სროლებიც.

რას გვეუბნება კონტრაქტები?

ინდიანაში მხოლოდ ოთხ მოთამაშეს აქვს ოთხწლიანი კონტრაქტი - ბროგდონს, ტერნერს, საბონისს და გოგა ბითაძეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბითაძე იმ მოთამაშეებს შორის შედის, რომელსაც გუნდის მენეჯმენტი გრძელვადიან პერსპექტივაში გუნდის ბირთვად მოიაზრებს.

ოლადიპო, ბროგდონი და მაილს ტერნერი ერთდროულად წელიწადში 60 მილიონს აკეთებენ. საბონისის ხელფასი ამ სეზონამდე მხოლოდ 3.5 მილიონი დოლარი იყო და ინდიანას შეეძლო, ოთხივე ეს მოთამაშე ჰყოლოდა. საბონისი ახალი კონტრაქტით შემდეგ ოთხ წელში სეზონში 17-დან 21 მილიონამდე თანხას მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ინდიანას ახალი მოთამაშეებისთვის ფული საერთოდ აღარ დარჩება და შემდეგ სეზონებში ერთ-ერთი დიდხელფასიანი მოთამაშის გაშვება შეიძლება მოუწიოს.

გოგა ბითაძის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ინდიანამ ბევრად უფრო ნაკლებ კონტრაქტზე მყოფ ქართველ ცენტრზე გააკეთოს აქცენტი, ტერნერი ან საბონისი გაუშვას და გამოთავისუფლებული ფულით სხვა პოზიციების გამაგრება სცადოს.

დასკვნა

გასულ სეზონში, საბონისი და ტერნერი დროს ინაწილებდნენ - 24.8 წუთი და 28.6 წუთი. ამ სეზონში მათ ერთად ასპარეზობა ხშირად მოუწევთ. გოგა ბითაძე ორივეს შეცვლის ხოლმე. პირველ სეზონში მისი მთავარი ამოცანა ინდივიდუალური პროგრესია. კარგი ის არის, რომ ქართული კალათბურთის იმედი ისეთ გუნდშია, რომელიც მას პროგრესშიც დაეხმარება და სათამაშო დროსაც მისცემს.

კომენტარები

ბოლო ამბები