Thumbnail

მრავალმხრივი ქართველი კაკა - რას წერს ოთარ კაკაბაძეზე ლუცერნერ ცაითუნგი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სიონთან მატჩის შემდეგ, ‘ლუცერნერ ცაითუნგმა’ ოთარ კაკაბაძეს სტატია მიუძღვნა
  • საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

კვირას, ოთარ კაკაბაძის ლუცერნმა შვეიცარიის სუპერლიგის მე-11 ტურში სიონი 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველის გუნდისთვის ეს ბოლო 4 მატჩში მე-3 გამარჯვება გახლდათ - ლუცერნს 15 ქულა აქვს და შვეიცარიის 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. კაკაბაძე სიონთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ადგილობრივმა გამოცემამ მას სტატია მიუძღვნა - აი, რას წერს ‘ლუცერნერ ცაითუნგი’ კაკაბაძეზე:

სიონთან მატჩში ლუცერნის ყველა ფეხბურთელმა კარგი შეფასება დაიმსახურა - მათ შორის ოთარ კაკაბაძემაც. 24 წლის მარჯვენა მცველმა, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმში ითამაშა. ლუცერნს მატჩის მეორე ნახევარში ვეღარ იცნობდით - თომას ჰებერლის შეგირდები შეტევაშიც ჯადოსნურად გამოიყურებოდნენ (ფრანჩესკო მარჯოტა გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა) და 20 წუთში 3 გოლი გაიტანეს და მოწოდების სიმაღლეზე იდგა დაცვის ხაზიც.

ოთარ კაკაბაძე სიონთან მატჩის დროს
📸 | ლუცერნერ ცაითუნგი

ქართველი მარჯვენა მცველი მიიჩნევს, რომ ლუცერნი პირველ ტაიმშიც სჯობდა მეტოქეს: “მიღებულმა გოლმა ის გამოიწვია, რომ ჩვენი კარგი თამაში არაფერში ჩაგვეთვალა. ფაქტია, რომ დაცვაში შეცდომა დავუშვით,” - ამბობს კაკაბაძე.

ქართველი ფეხბურთელი საუბრის დროსაც ისეთია, როგორც მოედანზე - კაკაბაძე სწრაფად აზროვნებს, კარგად ლაპარაკობს ინგლისურად და მარტივად გადმოსცემს თავის აზრებს. მოედანზე, კაბაბაძე საშუალო სტატისტიკურზე უფრო ტექნიკური მოთამაშეა. იგი თავს 3-5-2 ტაქტიკურ სქემაშიც კარგად გრძნობს და ჰებერლის ხელმძღვანელობით, მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზეც დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. მისი მეტსახელი კაკა მხოლოდ მისი გვარის მოკლე ვერსიაა - ბრაზილიელ კაკასთან კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება მინუსებს...

თუკი ქართველს აკრიტიკებენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ორთაბრძოლებში სიხისტე აკლია. ამასთან, იგი შეტევაში უფრო ძლიერია, ვიდრე დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. ამიტომ იყო კაკაბაძე ლუცერნის ყველაზე აგრესიული ფეხბურთელის, 35 წლის კრისტიან შვეგლერის ჩრდილში. ლიგის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ახლა ტრავმირებულია.

ოთარ კაკაბაძე დანიის ნაკრებთან მატჩის დროს
📸 | POPSPORT.COM

14 თვეა, რაც კაკაბაძე ლუცერნში თამაშობს და ტრავმის გამო თამაშები მასაც გაუცდა. სუპერლიგაში მას 22 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული - პლუს 4 მატჩი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და შვეიცარიის თასზე, სადაც თავისი პირველი გოლიც გაიტანა. სიონთან ოთარს ცოტა დააკლდა თავის პირველ საგოლე პასამდე შვეიცარიის ჩემპიონატში - მისი ჩაწოდების შემდეგ, ბლესინგ ელეკემ ბურთი თავით ძელს მოარტყა.

“არა უშავს. ახლა ჩემი მიზანია, რომ მომდევნო მატჩში, შაბათს, ქსამაქსთან გავაკეთო საგოლე პასები,” - ამბობს ქართველი.

ვარჯიშზე ფეხით

კაკაბაძე ლუცერნში თავს ძალიან კარგად გრძნობს: “მხოლოდ პოზიტიური შეფასება შემიძლია.” ოთარი მეუღლესთან ერთად, ლუცერნის უბან ალმენდში ცხოვრობს. “ეს ძალიან კომფორტული ადგილია, რადგან შემიძლია, ვარჯიშზე ფეხით მივიდე,” - ამბობს კაკაბაძე.

ოთარი თანამემამულე ვაკო გვილიას, რომელიც ახლა ვარშავის ლეგიაში თამაშობს, ხშირად ეკონტაქტება. 15 ნოემბერს, გვილია და კაკაბაძე სენტ გალენში, საქართველოს ნაკრების ფორმით შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. “ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრის შანსი აღარ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ღირსებისთვის ვიბრძოლებთ.”

📺 ვიდეო: ლუცერნი 3:1 სიონი (მიმოხილვა)

ლუცერნი 3:1 სიონი | კაკაბაძის გუნდმა თამაში შემოატრიალა

ლუცერნი 3:1 სიონი | კაკაბაძის გუნდმა თამაში შემოატრიალა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2019
გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინტერი
  • ფრე
  • დორტმუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები