Thumbnail

ოქსანა WTA-ს ელიტ ტროფეიზე - კალაშნიკოვა ჯგუფურ ეტაპზეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 22-27 ოქტომბერს ჟუჰაიში WTA Elite Trophy გაიმართება
  • ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

22-27 ოქტომბერს ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში WTA Elite Trophy გაიმართება. ქალთა ჩოგბურთის სეზონის დასასრულის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე WTA-ს ფინალის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელიც იასპარეზებს - წყვილთა ელიტაში ოქსანა კალაშნიკოვა მოხვდა!

WTA-ს ელიტ ტროფეი WTA-ს ჩემპიონთა ტურნირის მემკვიდრეა. ელიტ ტროფეი პირველად ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში 2015 წელს გაიმართა. 

ტურნირი ორ კატეგორიაში - ერთეულები და წყვილები - იმართება. ერთეულებში სულ 12 მოთამაშეა - WTA-ს რეიტინგით მე-9 - მე-18 ჩოგნები და ერთი "უაილდ ქარდით" მიწვეული. წყვილთა თანრიგში კი სულ 6 გუნდია, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულები, ჯგუფების გამარჯვებული წყვილები ელიტ ტროფეის მოსაპოვებლად ფინალში ითამაშებენ.

29 წლის კალაშნიკოვა, რომელიც წყვილებში მსოფლიოს 61-ე ჩოგანია, ამერიკელ სოფია კენინთან (მე-12 ჩოგანი ერთეულებში) ერთად თამაშობს. ისინი 22 ოქტომბერს მასპინძლებს, ქსინიუ იანს და ქიანჰუი ტანს ხვდებიან. 

B ჯგუფში ასევე თამაშობს უკრაინელი ლიუდმილა კიჩენოკისა და სლოვენიელი ანდრეია კლეპაჩის წყვილი.    

ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი $2 419 844-ია. 

სხვათა შორის, ოქსანა კალაშნიკოვა ელიტ ტროფეიში მეორედ მონაწილეობს - პირველად მან 2016 წელს ითამაშა, მაშინ ის ტატიანა მარიასთან (გერმანია) წყვილში თამაშობდა და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები