Thumbnail

აიაქსის მწვრთნელი ბაიერნში? ტენ ჰაგი რეკორდმაისტერს უარს არ ეტყვის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერიკ ტენ ჰაგს, შესაძლოა, ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზონ
  • ჰოლანდიელი მიუნხენში ერთხელ უკვე მუშაობდა

ერიკ ტენ ჰაგი ამსტერდამის აიაქსის მთავარ მწვრთნელად 2017 წლის ბოლოს დაინიშნა. ჰოლანდიურმა გრანდმა მის ხელში დიდი პროგრესი განიცადა - წინა სეზონში, აიაქსი ყველასათვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და სეზონის აღმოჩენა გახდა. ტენ ჰაგს ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

გერმანული მედიის ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ 49 წლის ტენ ჰაგს მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზონ. ჩვენი გერმანელი კოლეგები ბავარიული გრანდიდან ნიკო კოვაჩის გაშვებას არ გამორიცხავენ. მართალია, ბაიერნი საგანგაშო მდგომარეობაში არ არის, მაგრამ ტენდენცია აშკარად უარყოფითია, რის გამოც გერმანიაში ბევრს მიაჩნია, რომ კოვაჩი თანამდებობაზე დიდხანს ვერ გაძლებს.

ტენ ჰაგი ბაიერნში ერთხელ უკვე მუშაობდა - 2013-2015 წლებში იგი ბაიერნის მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. მერე უტრეხტი ჩაიბარა და ამის შემდეგ დაინიშნა აიაქსში.

ტენ ჰაგი ბაიერნის მეორე გუნდში 2013-2015 წლებში მუშაობდა

კითხვაზე, რას ფიქრობს ბაიერნში მუშაობის პერსპექტივაზე, ტენ ჰაგმა ‘კიკერს’ ასე უპასუხა: “თუ მიუნხენიდან დამირეკავენ, ეს, რა თქმა უნდა მაგარი ამბავი იქნება, მაგრამ მე უკვე თითქმის 50 წლის ვარ და მეოცნებე აღარ ვარ. ეს მოხდება, ან არ მოხდება. აიაქსში კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, თუმცა ისიც ვიცი, რომ აქ კიდევ 10 წელი არ ვიმუშავებ.”

კომენტარები

ბოლო ამბები