Thumbnail

ხელფასების დაგვიანების გამო - ფეხბურთელები თამაშის დროს გაჩერდნენ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ვერაკრუზის ფეხბურთელებს 5 თვეა, ხელფასები არ აუღიათ
  • მათ ტიგრესთან მატჩში, პროტესტის ნიშნად, თამაში არ დაიწყეს
  • ჟინიაკმა და მისმა თანაგუნდელებმა ამით ისარგებლეს და დამდგარ გუნდს 2 გოლი გაუტანეს

კურიოზული კადრები მექსიკის ჩემპიონატიდან!

მსაჯმა მატჩის დაწყების ნიშანი მისცა, ვერაკრუზის ფეხბურთელები კი დადგნენ! ეს იყო მათი პროტესტი იმის გამო, რომ კლუბი ხელფასების გადახდას აგვიანებს. ვერაკრუზის მეტოქე ტიგრესი გახლდათ, რომლის ფეხბურთელებმა თავიდან სოლიდარობა გამოიჩინეს და არ თამაშობდნენ, მაგრამ მერე ვერაკრუზის მოთამაშეების პროტესტი მაინც თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და დამდგარ მეტოქეს 2 გოლი გაუტანეს!

ვერაკრუზის ფეხბურთელები 4 წუთის განმავლობაში იდგნენ

თამაშის დაწყებისას ბურთი ვერაკრუზის მეკარე სებასტიან ხურადოს მიუვიდა. 90 წამის შემდეგ, მასთან საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრე-პიერ ჟინიაკმა მიირბინა, რომელიც ახლა ტიგრესში თამაშობს. ხურადომ ბურთი უმისამართოდ მოიგერია. ტიგრესი ბურთს დაეუფლა, ედუარდი ვარგასმა კი შორი მანძილიდან დაარტყა და დაუცველ კარში გაიტანა - 1:0. ვერაკრუზის ფეხბურთელები თამაშს ისევ არ აპირებდნენ და ახლა უკვე ჟინიაკმა გაუტანა ხურადოს - 2:0. სხვათა შორის, ეს ფრანგის მე-100 გოლი იყო მექსიკაში.

დაახლოებით 4 წუთის შემდეგ ვერაკრუზის ფეხბურთელებმა პროტესტი შეწყვიტეს და თამაში დაიწყეს, თუმცა მე-8 წუთზე მესამე გოლი გაუშვეს. საბოლოოდ, ტიგრესმა 3:1 მოიგო.

ვიდეო: ვერაკრუზის პროტესტი და ტიგრესის გოლები

ლოგიკურია, რომ ამ მატჩის შემდეგ ყველა ჟინიაკს და ტიგრესის ფეხბურთელებს აკრიტიკებს. “მათ იცოდნენ, რასაც ვაკეთებდით. მათ იცოდნენ ჩვენი პროტესტის შესახებ და მაინც გაგვიტანეს,” - აცხადებს ვერაკრუზის ფეხბურთელი კარლოს სალსიდო.

ცნობილია, რომ ვერაკრუზის მოთამაშეებს 5 თვეა, ხელფასი არ აუღიათ. გუნდში ფინანსური კრიზისი იმდენად მძიმეა, რომ ტრავმირებული მოთამაშეებისთვის ყინულიც კი არ აქვთ, ვერაკრუზის ქალთა გუნდს კი საკუთარი გასახდელი არ აქვს.

“ძალიან სამარცხვინო ამბავია. ჩვენ ისევ მთელი მექსიკა და ახლა უკვე მთელი მსოფლიო დაგვცინის. ფეხბურთელების პროტესტი მათი უფლებაა, მაგრამ თავი სასაცილოდ არ უნდა გავიხადოთ,” - ამბობს ვერაკრუზის მფლობელი ფიდელ კური.

კომენტარები

ბოლო ამბები