Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნი ნიკლას ზიულე თვეების განმავლობაში ვეღარ გამოიყენებს
  • მიუნხენელებმა დღეს დაადასტურეს, რომ 24 წლის მცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა

მიუნხენის ბაიერნმა შაბათს, აუგსბურგთან გასვლით მატჩში 2:2 ითამაშა და 2 ქულა დაკარგა, მაგრამ ამაზე გაცილებით დიდი დანაკარგია ნიკლას ზიულე, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო. რეკორდმაისტერმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 24 წლის მცველმა აუგსბურგთან შეხვედრაში მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სასწრაფოდ საოპერაციოა. ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების დაცვის ბურჯი მატჩის დასაწყისშივე დაშავდა - იგი მე-12 წუთზე შეცვალეს.

ბავარიული გრანდის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს რეკორდმაისტერისთვის დიდი დარტყმაა. ზიულე მინიმუმ 6 თვე ვეღარ ითამაშებს და შესაძლოა, მთელი სეზონი გაუცდეს. შესაბამისად, მისი ტრავმა პრობლემაა გერმანიის ნაკრებისთვისაც, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია.

ბაიერნში უნდა უხაროდეთ, რომ ზაფხულში ჟერომ ბოატენგი არ გაყიდეს. როგორც იცით, ამ უკანასკნელის გაშვება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოატენგი და იუვენტუსი ვერ შეთანხმდნენ. ზიულეს ტრავმის შემდეგ, ბაიერნის მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ 3 ისეთი მოთამაშე რჩება, რომელსაც დაცვის ცენტრში თამაში შეუძლია - ბოატენგი, ლუკა ერნანდესი და ბენჟამენ პავარი.

კომენტარები

ბოლო ამბები