Thumbnail

პიონჩანი 2018, V დღე | ქარიშხალი, ამერიკის ლეგენდა და პოპულარულობა ერთ დღეში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ძლიერმა ქარმა მედლების გათამაშება ორ დისციპლინაში გადადო.
  • შონ უაითი ამერიკული ოლიმპიური მოძრაობის ლეგენდა გახდა.

ძლიერმა ქარმა პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა - ოთხშაბათს დაგეგმილი მედლების 6 კომპლექტის გარდა, მხოლოდ 4 გათამაშდა (ციგაობაში ამ წუთებში მიმდინარეობს ფინალური შეჯიბრება). 

► პიონჩანი 2018: ძლიერი ქარი და სრული ქაოსი კალენდარში

► ნინო წიკლაურის სტარტი ისევ გადაიდო - პიონჩანში ძლიერი ქარია!

ქარიშხალი პიონჩანში

ქარიშხალი ოლიმპიურ ცენტრში

პირველი ქალ სამთო-მოთხილამურეთა სლალომი გადაიდო, რომელიც 16 თებერვალს უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ ამ დისციპლინაში ქართველი ოლიმპიელი ნინო წიკლაური გამოდის.

ძლიერი ქარი მალე ქარიშხლად გადაიქცა. 15 თებერვლისთვის გადაიდო ქალთა ბიატლონი 15 კილომეტრზე.

ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა ოლიმპიურ პარკს, სადაც ერთ-ერთი თანამშრომელი დაზარალდა, საჭირო გახდა ოლიმპიური პარკის ევაკუაცია, დაიკეტა პრესცენტრი.

ერთ დღეში ვარსკვლავად იქცა

ანასტასია ბრიზგალოვა და ალექსანდრ კრუშელნიცკი

რუსი კერლინგისტი ანასტასია ბრიზგალოვა ერთ დღეში გახდა პოპულარული სპორტსმენი. იგი და მისი მეუღლე ალექსანდრ კრუშელნიცკი პირველი რუსები არიან, რომელთაც კერლინგში ოლიმპიური მედალი მოიპოვეს - მათ შერეულ დუეტებში ბრინჯაო მოიგეს. ბრწყინვალე გარეგნობის წყალობით, ანასტასია გულშემატკივართა ფავორიტი სპორტსმენი გახდა:

"გავიღვიძეთ თუ არა ცნობილებმა? ოლიმპიადამდე ნასტიას სოცქსელში 800 მიმდევარი ჰყავდა, ახლა კი - 60 ათასი. მართალია, მე მხოლოდ 7 მიმდევარი მომემატა, მაგრამ გული არ მწყდება, სოციალური ქსელები არ მაღელვებს.  

სიკვდილით ემუქრებიან

კანადელ შორტრეკისტ კიმ ბუტენს მოკვლით ემუქრებიან. მან 500 მეტრზე რბოლაში ბრინჯაოს მედალი მას მერე მოიგო, რაც მასპინძელი, სამხრეთკორეელი ჩჰე მინ ჩონი დისკვალიფიკაციით მოხსნეს. 

მეასე ოქრო ამერიკისთვის

შონ უაითი

სნოუბორდისტი შონ უაითი უკვე ლეგენდაა - ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარიერაში მესამე ოქროს მედალი მოიგო - მან ჰალპაიპში ყველას აჯობა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. უაითი ლეგენდაა იმიტომაც, რომ მან ამერიკას ზამთრის ოლიმპიადებზე მე-100 ოქროს მედალი მოუპოვა. ამაზე მეტი ოქრო მხოლოდ ნორვეგიას აქვს მოპოვებული - 121. მესამეზე გერმანელები არიან - 84 ოქროს მედალი. 

შონ უაითი: "როცა ჩემი შეფასება გამოაცხადეს, ვერ ვინძრეოდი. ბედნიერებისგან შოკი მივიღე. მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს აქ, ოლიმპიადაზე ვყოფილიყავი, ძალიან ბევრი რამ გადავიტანე, ახალ ზელანდიაში საშინელი ტრავმა მივიღე. ახლა კი ძალიან ამაყი ვარ".

პოდიუმი

1. შონ უაიტი (აშშ) - 97,75

2. აიუმი ჰირანო (იაპონია) - 95,25

3. სკოტი ჯეიმსი (ავსტრალია) - 92,00

ოლიმპიური რეკორდი

იორინ ტერ მორსი

ციგურაობაში ჰოლანდიელებს ბადალი არ ჰყავთ - დღეს ეს კიდევ ერთხელ იორინ ტერ მორსმა დაამტკიცა, მან 1 000 მეტრზე სირბილი ოლიმპიური რეკორდით მოიგო. ტერ მორსმა ოლიმპიური ოქრო იაპონელ კონკურენტებთან ბრძოლაში დაისაკუთრა.

პოდიუმი

1. იორინ ტერ მორსი (ჰოლანდია) -  1.13,56

2. ნაო კოდაირა (იაპონია) - 1.13,82

3. მიჰო ტაკაგი (იაპონია) - 1.13,98

გამართლება კომბინაციაში

ჩრდილოურ კომბინაციაში (ტრამპლინიდან ხტომა და თხილამურებით რბოლა) ვაჟთა შორის გერმანელმა ერიკ ფრენცელმა იმარჯვა. 29 წლის სპორტსმენი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

ერიკ ფრენცელი: "ქარის გამო ძალიან რთული იყო ხტომაც და რბოლაც. დღეს ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული გამართლებაზე". 

პოდიუმი

1. ერიკ ფრენცელი (გერმანია) - 24:51.4 

2. აკიტო ვატაბე (იაპონია) - +4.8

3. ლუკას კლაპფერი (ავსტრია) - +18.1

სამზგის ოლიმპიური ჩემპიონი დუეტი

ორადგილიან ციგებში გერმანელებმა იმარჯვეს და ქვეყანას მორიგი ოქრო მოუტანეს. ტობიას ვენდლი და ტობიას არლტი უკვე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან.

პოდიუმი

1. ტობიას ვენდლი/ტობიას არტლი (გერმანია) -  1.31,697

2. პეტერ პენცი/გეორგ ფიშლერი (ავსტრია) - +0,088

3. ტონი ეგერტი/საშა ბენეკენი (გერმანია) - +0,290

კომენტარები

ბოლო ამბები