Thumbnail

უეფამ აიაქსის ქომაგები დასაჯა - ფანები ლონდონში მაინც მიდიან

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ჩელსისა და აიაქსის შეხვედრა ჰოლანდიელი ფანების გარეშე ჩაივლის
  • ამსტერდამელი გულშემატკივრები ინგლისში ჩასვლას მაინც აპირებენ

პარასკევს, 18 ოქტომბერს უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰოლანდიური აიაქსის გულშემატკივრები ლონდონის ჩელსისთან გასვლით მატჩზე არ დაიშვებიან. შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 5 ნოემბერს გაიმართება. 

აიაქსის ფანები ცუდად მოქცევის გამო გასულ სეზონშიც დაისაჯნენ. მაშინ გულშემატკივრებმა პრობლემები ბენფიკასთან გასვლითი მატჩისას შექმნეს. აგრესიულ ქცევებს ჰოლანდიური გრანდის ფანატები წელსაც არ ერიდებიან. ამჯერად თავი ვალენსიასთან ოქტომბერში სტუმრად გამართული შეხვედრისას გამოიჩინეს, სწორედ ამიტომ დასაჯა უეფამ ისინი და აუკრძალა "სტემფორდ ბრიჯზე" დასწრება. 

The Sun-ის თანახმად, ინგლისში ჩასვლას 2000 გულშემატკივარი გეგმავდა. ისინი აკრძალვის მიუხედავად ლონდონში გამგზავრებას მაინც აპირებენ. მათ სურთ ბრიტანეთის დედაქალაქში ფეხბურთს უყურონ და დასამახსოვრებელი საღამო გაატარონ, თუმცა ეს "სტემფორდ ბრიჯზე" ვერ მოხდება. 

აიაქსის ფანატები გეგმავენ ლეიტონ ორიენტისა და ბრაიტონის 21-წლამდელთა გუნდების შეხვედრას დაესწრონ, რომელიც ასევე 5 ნოემბერს უნდა გაიმართოს. შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გვიან გავრცელდა, ამსტერდამელებს კი ინგლისში გამგზავრება უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, რამაც დისკომფორტი გამოიწვია.

კომენტარები

ბოლო ამბები