- ამერიკული კომპანია Elliott Management მილანის გასხვისებას არ აპირებს
- კლუბის მფლობელები ხოსეპ გვარდიოლასა და მარკ ოვერმარსზე ფიქრობენ
ამერიკული კომპანია Elliott Management, რომელიც მილანის მფლობელია, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კლუბის გაყიდვას აპირებდეს. მანამდე მედიაში დაიწერა, რომ კომპანია იტალიური კლუბის გასხვისებას, უზარმაზარი ზარალის გამო აპირებდა, რომელიც 145,9 მილიონ ევროს შეადგენს.
"არა, ჩვენ არ ვაპირებთ მილანის გაყიდვას. ახლა ქალაქში ახალი სტადიონის აგებაზე ვფიქრობთ", - აქვეყნებს კომპანიის წარმომადგენლის სიტყვებს იტალიური მედია.
მილანი კომპანია Elliott Management-ის მფლობელობაში 2018 წლიდან გადავიდა, იქამდე კი კლუბს ლი იუნჰუნი ფლობდა, რომელმაც 303 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი ამერიკულ კომპანიას ვერ დაუფარა.
ესპანური მედია კი უფრო შორს მიდის და "როსონერის" მფლობელების ამბიციურ გეგმას ახმოვანებს. როგორც ირკვევა, ისინი 2020 წლისთვის გუნდში ხოსეპ გვარდიოლას მიწვევას აპირებენ.
Elliott Management Corporation-ში სურთ, რომ მილანი ევროპულ ფეხბურთში ლიდერის პოზიციაზე დააბრუნონ, საამისოდ კი გუნდში მთავარი მწვრნელის პოსტზე მანჩესტერ სიტის ამჟამინდელი თავკაცის, ხოლო სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მარკ ოვერმარსის კანდიდატურებს განიხილავენ.
გვარდიოლას გარდა, "როსონერიში" ანდრეი შევჩენკოს მიწვევაზეც ფიქრობენ, რომელიც ამჟამად წარმატებით უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში მილანის მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე გათავისუფლებული მარკო ჯამპაოლო შეცვალა.
სერია A-ში გასული 7 ტურის შემდეგ, მილანს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზეა. სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით გუნდი პირველ მატჩს 20 ოქტომბერს, შინ ლეჩესთან გამართავს.
კომენტარები