Thumbnail
  • იუვენტუსი 2:2 ტოტენჰემი.
  • გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელების კომენტარები 1/8-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ.

ტურინში გამართული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც იუვენტუსი ტოტენჰემს დაუპირისპირდა, გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელებმა კომანტარები გააკეთეს. 

ტურინელები გონსალო იგუაინის დუბლით დაწინაურდნენ, თუმცა შესვენებამდე ჯერ ჰარი კეინმა შეამცირა სხვაობა, მეორე ტაიმში კი კრისტიან ერიკსენმა საჯარიმოდან გაუტანა ბუფონს და ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ ჰეთ-თრიქის შესრულება შეეძლო იგუაინს, რომელმაც მეორე ჯერზე პენალტიდან ვეღარ გაიტანა. 

ერთი, ორი, იგუაინი! კეინმა და ერიკსენმა იუვენტუსი დასაჯეს

საპასუხო შეხვედრა 7 მარტს ლონდონში, უემბლიზე გაიმართება.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): 

"ლონდონური ფინალისთვის მზად ვართ. საპასუხო შეხვედრაში მძიმე გამოცდა გველის, მაგრამ შევეცდებით, მოვიგოთ და წინ წავიდეთ.

მატჩი მშვენივრად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ სადავეები ხელიდან გავუშვით, რაც ტოტენჰემის კარგმა თამაშმა განაპირობა. პირველი 45 წუთის განმავლობაში მეტოქისთვის ჩვენს კართან შანსი არ მიგვიცია, მაგრამ მაინც დაგვსაჯა იმ ერთადერთი დარტყმით, რომელიც შესვენებამდე ჰქონდა. 

2:0-ის შემდეგ დაცვაში შეგნებულად არ დაგვიხევია, ეს ტოტენჰემმა გვაიძულა. 

თუკი ვინმე ფიქრობდა, რომ დღეს ჩვენ ანგარიშით 4:0 უნდა მოგვეგო, ეს ალბათ იმის გამო, რომ ქომაგი ძალიან გავანებივრეთ ბოლო წლებში. ჩემპიონთა ლიგის ეს სეზონი განსაკუთრებით რთულია, მომავალი კი კიდევ უფრო მძიმე იქნება".

ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსის ნახევარმცველი)

"დასანანია, რომ თამაში ასე დავასრულეთ, თუმცა წინ საპასუხო დაპირისპირება გვაქვს. ვიცით, რომ შეგვიძლია "უემბლიზე" მოგება. პირველი ათი წუთის შემდეგ, როდესაც ანგარიშში წინ გავედით, ისეთი წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით, რომლის გადატანა მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან ძნელია. იუვენტუსი ფრეს მაინც არ იმსახურებდა".

მატია დი შილიო (იუვენტუსის მცველი):
"შეცდომა დავუშვით, რომ 2:0-ის შემდეგ ზედმეტად სიღრმიდან დავიწყეთ თამაში. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. ტოტენჰემი საკმაოდ კარგი გუნდია. მისი დაცვა გაძლევს შანსს, მაგრამ სამაგიეროდ შეტევაშია დიდებული. უფრო კომპაქტურად უნდა გაგვეგრძელებინა თამაში და არც ხშირად უნდა დაგვეკარგა ბურთი. ვიცით, რომ “უემბლიზე” რთული იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ის ფეხბურთი, რომელიც დღეს პირველ 10 წუთში გამოგვივიდა".

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი):

"მატჩი ფანტასტიკური გამოვიდა. არცთუ კარგად დავიწყეთ და ორი სწრაფი გოლი მივიღეთ, მაგრამ შემდეგ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ. მინდა, მივულოცო ფეხბურთელებს, რომლებმაც ტურინში 0:2-ის შემდეგ გაუთანაბრეს გუნდს, რომლის დაცვა ასეთი გაუვალია.

ვფიქრობ, ფრე, რომელიც ხელთ გვაქვს, ცოტა უსამართლოა.

დიდი გამოცდილება მივიღეთ. ბოლო კვირებში ვამბობდით, რომ გუნდი იზრდება, უმატებს ამ კუთხით და დღეს ეს დავამტკიცეთ კიდეც. პირველი წუთები რთული იყო, მაგრამ გუნდი სასწაულებრივად გარდაიქმნა.

ფეხბურთში დიდ როლს იღბალი თამაშობს. ანგარიში 1:2 იგივე არაა, რაც 1:3 (იგულისხმება იგუაინის გაცუდებული პენალტი). ვფიქრობ, ფრე, რომელიც ხელთ გვაქვს, ცოტა უსამართლოცაა, რადგან ჩვენ ცოტა უკეთესად გამოვიყურებოდით".

ჰარი კეინი (ტოტენჰემის თავდამსხმელი)

“შეიძლებოდა გავტეხილიყავით, რადგან დიდ არენაზე, თანაც, სტუმრად ვთამაშობდით. გასვლით შეხვედრაში ორი გოლი გავიტანეთ, რაც მშვენიერი შედეგია. 

გოლი მანამდეც უნდა გამეტანა, როდესაც თავით ვურტყამდი, მაგრამ მომდევნო ეპიზოდში შეცდომა გამოვასწორე. დელემ (ალი) მშვენიერი პასი მომცა და გამოვიყენე. 

მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ, სტუმრად ორი გოლი გავიტანეთ, ახლა კი უკვე “უემლიზე” თამაშზე ვფიქრობთ".

პაოლო მენიკუჩი (Gazzetta dello Sport-ის კორესპონდენტი): 

"ოჰ, იუვე. თუმცა, ჯერ კიდევ არაფერია დასრულებული. მატჩის დასაწყისში ტოტენჰემმა თავისი სისუსტე წარმოაჩინა - არცთუ საიმედო დაცვა. მაგრამ იუვემ ძალიან უკან დაიხია. ეს პრობლემა უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე ფიზიკური ხასიათის. 

შესაძლოა, ლონდონში ტურინულ გუნდს შეტევისტვის უფრო მეტი თავისუფალი ზონები გაუჩნდეს, მაგრამ ასეა თუ ისე, სრულიად სხვა იუვენტუსი უნდა ვიხილოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები