Thumbnail

ეთერ ლიპარტელიანი: ჩემი უმთავრესი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ძიუდოისტმა ევროპულ ოქროს მსოფლიოს ჩემპიონობაც მიამატა
  • ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგში უკვე მოწინავე 50-ეულშია

20 წლის ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ის ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა, ეთერის მომავალი მიზანი კი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა და სამომავლოდ, ოლიმპიადის ოქროს მოგებაც გახლავთ.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელ მეტოქეს აჯობა

ქართველმა ტალანტმა ინტერვიუ ძიუდოს ევროპული ფედერაციის ვებგვერდს მისცა.

გილოცავთ, თქვენ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიოს პირველობაც მოიგეთ. როგორი შეგრძნებაა?

ლიპარტელიანი: ძალიან გამიხარდა და ამაყიც ვარ. ამ წარმატებას ველოდი. გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა, რადგანაც ეს ტურნირი 2020 წლის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულებს იძლეოდა და ამ მხრივ წინ წავიწიე.

ისე გამოვიდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგეთ და მხოლოდ ნახევარფინალში გაგიჭირდათ, სადაც ვაზარით ჩამორჩით. იქნებ, სამხრეთკორეელ ჰუჰთან ორთაბრძოლაზე დამატებით გვითხრათ...

ეთერ ლიპარტელიანი ოქრომდე დამაჯერებლად მივიდა

ლიპარტელიანი: კორეელებს გამორჩეულად რთული სტილი აქვთ და ამიტომაც ცოტა ვფრთხილობდი. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მეტოქეს ვაჯობებდი და ასეც მოხდა.

იაპონელ ძიუდოისტთან ფინალი როგორ წარიმართა და რა განიცადეთ, როდესაც ოქროს მედალი მოიპოვეთ?

ლიპარტელიანი: რა თქმა უნდა, ჩემთვის გამორჩეული რამ მოხდა. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატს იგებ და თანაც გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელს ამარცხებ, ძალიან სასიხარულოა.

თქვენს არსენალში ილეთს, რომელსაც “ხაბარელს” უწოდებენ, დიდი ადგილი უკავია. ეს საიდან მოდის?

ლიპარტელიანი: ეს ილეთი, როდესაც მეტოქეს ზურგს უკან აგდებ, ბავშვობიდან ძალიან მომწონდა, თუმცა, ის ამავდროულად რთული შესასრულებელიცაა. აღნიშნულზე ბევრი ვიმუშავე, ბოლოს გამომივიდა კიდეც და ახლა, უფრო ხშირად ვიყენებ.

მსოფლიო რეიტინგში უკვე მოწინავე 50-ეულში იმყოფებით. მომავალ ოლიმპიადაზე მოხვედრის იმედი თუ გაქვთ?

ლიპარტელიანი: ცხადია, ამაზე ვფიქრობ და ოლიმპიურ თამაშების საგზურის მოპოვებას ყველანაირად ვეცდები. მართალი გითხრათ, ძიუდოზე სიარული იმისთვის დავიწყე, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზნისკენ მივდივართ. დიდებში მხოლოდ რამდენიმე გრან პრიზე მოვსინჯე ძალები, ახლა კი, უფრო ხშირად ვიასპარეზებ და ოლიმპიური ლიცენზიისთვის ვიბრძოლებ.

კომენტარები

ბოლო ამბები