Thumbnail

ზურიკო და ხვიჩა რუსეთის TOP 5 ტალანტში - ესპანური fichajes ქართველებზე

  • fichajes.net-მა რუსეთის პრემიერლიგის ტალანტებს სტატია მიუძღვნა
  • გამოცემამ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია

ესპანურმა fichajes.net-მა რუსეთის პრემიერლიგას და იქ მოთამაშე ტალანტებს მცირე სტატია მიუძღვნა. დასახელებულ 5 ტალანტს შორის კი ორი ქართველია - ყაზანის რუბინის 18 წლის ლეგიონერები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.
 
"რუსეთის პრემიერლიგა სიძლიერით ევროპის მეექვსე ჩემპიონატად მიიჩნევა და ის ფაქტი, რომ ზოგიერთი დიდი ფეხბურთელი სათამაშოდ რუსეთში წასვლას თანხდება, უცნაური არ არის. რუსულ ფეხბურთში ახალგზრდა ტალანტების გამოჩენაც ნორმალური მოვლენაა, თუმცა შემდგომში ამ ფეხბურთელების სხვა ევროპულ ლიგებში გადასვლა არცთუ ხშირად ხდება, რისი მიზეზიც სხვა ქვეყნებთან ადაპტაციის პრობლემაა. 

პერსპექტიული ბიჭები რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონშიც გამოჩნდნენ, რომლებიც შესაძლოა, უახლოეს მომავალში იქცნენ თავიანთი გუნდების ლიდერებად და უფრო მაღალი დონის ლიგებშიც მოხვდნენ", - წერს fichajes, რომელიც ქართველებს ასე ახასიათებს:

ზურიკო დავითაშვილი, რუბინი

ქართველი ნახევარმცველი რუბინის შეტევის მარცხენა ფლანგის ბატონ-პატრონია. კლუბში ფსონს ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის კარგ დრიბლინგსა და საჯარიმო დარტყმაზე აკეთებენ.

დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი ბოლო ტურში შეაგდო

ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი

კვარაცხელია კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ტალანტია, რომელიც ყაზანის რუბინის შემადგენლობაში გამოირჩევა. თუმცა, ჯერჯერობით მისი როლი გუნდში არცთუ ისე მაღალია, როგორც მისი თანამემამულე დავითაშვილის. ხვიჩამ ძირითადის მოთამაშის სტატუსი ამ დრომდე ვერ მოიპოვა.

ხვიჩას რუბინის ძირითადში ადგილი მოსაპოვებელი აქვს

ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში გასულ ზაფხულს გადავიდნენ. მიმდინარე ჩემპიონატში ზურიკომ 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, კვარაცხელიას ანგარიშზე კი 11 მატჩში 1 გოლია.

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 12 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ქართველების გუნდი სტუმრად მოსკოვის სპარტაკს ეთამაშება. მატჩი 19 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები