Thumbnail

წყალბურთი | ფავორიტი მლადოსტია, თუმცა დინამო თბილისი ბოლომდე იბრძოლებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

დინამო თბილისის წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, სადაც ერთი მატჩი უკვე გამართა და ესპანურ ტერასასთან 5:9 წააგო. ოთხიდან სამი მეოთხედი ქართულმა გუნდმა კარგად იბრძოლა, თუმცა ერთი ჩააგდო და შედეგად, 4-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

წინ მეორე მატჩია, რომელსაც თბილისის დინამო 19 ოქტომბერს გამართავს და ზაგრების მლადოსტს დაუპირისპირდება. აქვე აღვნიშნოთ, რომ ქართული გუნდი B ჯგუფში ასპარეზობს და შემდეგ გუნდებს უწევს კონკურენციას: ფერენცვაროში, ვასპო ჰანოვერი, მარსელი, ზაგრების მლადოსტი, ოსც ბუდაპეშტი, პრო რეკო, ტერასა. 8 გუნდიდან ფინალურ ეტაპზე 4 საუკეთესო გავა. მლადოსტთან თამაშის წინ, დინამოელებმა კომენტარები გააკეთეს…

რევაზ ჩომახიძე (თბილისის დინამოს მწვრთნელი)

“წინ ძალიან რთული თამაში გველის. მლადოსტი გამოცდილი წყალბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. უძლიერესი ცენტრფორვარდები ჰყავთ ჩემპიონთა ლიგაზე. ზაგრებში თამაში ტრადიციულად რთულია. თუმცა, ჩვენი მიზნები გვაქვს და იმედია, საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ”.

მარკო ელაჩა (თბილისის დინამო)

“ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება სადებიუტოა არა მარტო თბილისის დინამოსთვის, არამედ გუნდის არაერთი წევრისთვის. შესაბამისად, ამ დონეზე თამაშს ადაპტაცია და შეჩვევა სჭირდება. მლადოსტი ძლიერი გუნდია და მათ მოედანზე თამაში ადვილი არ იქნება. ხორვატებს ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ მათი სირთულეები შევუქმნათ”.

კომენტარები

ბოლო ამბები