Thumbnail

თასი ბათუმში - შავი ზღვის ბიჭებმა ფინალში ქუთაისი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • BSB ბათუმი 27:20 ქუთაისი 
  • ამ გუნდების დაპირისპირება საქართველოს ჩემპიონატში გაგრძელდება

საქართველოს თასის მფლობელი ხელბურთში მეორედ გახდა ბათუმური გუნდი: ‘შავი ზვის ბიჭები’, რომელმაც ფინალში 27-20 დაამარცხა ქუთაისი.

‘შავი ზღვის ბიჭების’ უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა. დაცვაში მეტოქის 2 დაბლოკილი დარტყმის შემდეგ, რატი მსხვილიძემ შეტევაშიც გამოიჩინა თავი და ანგარიში გახსნა. ფერაძემ გაათანაბრა, თუმცა, გოგოლაძემ, სიმონიამ და მსხვილიძემ ანგარიში 4-1 გახადეს და ქუთაისელთ მწვრთნელმა ალექსანდრე ბოყოჩაძემ, უკვე მე-10 წუთზე, ტაიმაუტი მოითხოვა.

ქუთაისურ გუნდს პოზიციურ შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, ბათუმის დაცვის შუა ოთხეული (ლაპიაშვილი,  ბერძენიშვილი, მსხვილიძე, სიმონია) კი საიმედოდ იდგა. ქუთაისს არც სწრაფი გარღვევა გამოუვიდა, რადგანაც გარემარბები: აბრამიშვილი და გოგოლაძე დროულად ბრუნდებოდნენ უკან და თავიანთ ფლანგებს აკონტროლებდნენ, ხოლო შეტევაში სწრაფი გადასვლისას ქუთაისს ტექნიკური წუნი ჰქონდა. და ბოლოს, მეკარე ტორონჯაძე, რომელმაც დასაწყისშივე აუღო ორი დარტყმა მარცხენა კუთხიდან რუსტამოვს, შემდეგ კი მის კარში დანიშნული პირველი ოთხი შვიდმეტრიანიდან ერთიც არ გაუშვა!  ქუთაისმა ვერც ორკაციანი მეტობა გამოიყენა მატჩის დასაწყისში.

ბათუმი 27:20 ქუთაისი

ბოყოჩაძემ წუთშესვენების შემდეგ გამოცვალა ძირითადი გამთამაშებელი გამზარდია და მოედანზე სურმავა შეუშვა. მალე მერკვილაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა 4-5 (მე-18 წუთი), მაგრამ რატი მსხვილიძემ წყვილი გოლი გაიტანა და 7-4 გახდა. ტაიმი ბათუმურმა გუნდმა 11-6 მოიგო, მხვილიძისა და გოგოლაძის ანგარიშზე კი 4-4 გოლი იყო.

შესვენების შემდეგ, სხვაობა გაიზარდა და 42-ე წუთზე გამარჯვებულის გამოცნობა უკვე ადვილი იყო: ბათუმი 11 ბურთით იგებდა (20-9). საბოლოოდ, ‘შავი ზღვის ბიჭებმა’ 27-20 მოიგო და სეზონის პირველი ტიტული მოიპოვა. ამ ორი გუნდის მეტოქეობა გაგრძელდება საქართველოს ჩემპიონატში, რომლის სტარტიც 5 ნოემბერსაა დანიშნული. 

BSB ბათუმი 27:20 ქუთაისი 

ბათუმი: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - ლაპიაშვილი 8, გოგოლაძე 7, მსხვილიძე 5, სიმონია 4, აბრამიშვილი 1, გიორგაძე 1, ტიელიძე 1, ტალახაძე, ბერძენიშვილი, წივწივაძე, თურმანიძე, მჟავანაძე, კაკულია, სტოლბოვი - მწვ. მ. ჭანტურია, მ. მჟავანაძე.

ქუთაისი: მაისურაძე, გულეიშვილი -  მერკვილაძე 4, ხაჟომია 4, სურმავა 4, ზარნაძე 2, გამზარდია 2, ფერაძე 1, სტურუა 1, რუსტამოვი 1, თევზაძე 1,  კობახიძე, ჯუღელი, ლომიძე, ლ. იმნაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები