Thumbnail

'მინდა, კარიერა დინამო ბათუმში დავასრულო' - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სანაკრებო პაუზა დასრულდა, წინ 6 გადამწყვეტი ტურია
  • დინამო ბათუმის 33 წლის თავდამსხმელმა POPSPORT.COM-ის კითხვებს უპასუხა

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დასრულდა, საქართველოს ჩემპიონატში წინ დასკვნითი ეტაპია. დინამო ბათუმი ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია და თუ დარჩენილ 6 თამაშს მოიგებს, მთავარი კონკურენტის, დინამო თბილისის შედეგების მიუხედავად, ჩემპიონი ხდება. სანაკრებო ფანჯრის დროს, ბათუმურმა გუნდმა თურქეთში შეკრება გაიარა, სადაც რიზესპორთან ამხანაგური მატჩი გამართა (1:1). როგორ მოემზადა გუნდი სეზონის გადამწყვეტი ეტაპისთვის - ამ და სხვა საინტერესო თემებზე დინამო ბათუმის 33 წლის თავდამსხმელმა, ლადო დვალიშვილმა POPSPORT.COM-თან ინტერვიუში ისაუბრა.

popsport: როგორ გამოიყენა დინამო ბათუმმა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა?

დვალიშვილი: ვერ ვიტყვი, რომ კარგია ასეთი პაუზა, რადგან შესაძლოა, რიტმიდან ამოვარდე, თუმცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მოხდეს. გვქონდა ნაყოფიერი შეკრება თურქეთში, სადაც რამდენიმე დღე ვივარჯიშეთ და რიზესპორთან ამხანაგური მატჩი გავმართეთ. დანარჩენი მომდევნო შეხვედრებში გამოჩნდება. 

დვალიშვილს მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი

popsport: წინ 6 გადამწყვეტი მატჩია, მათ შორის პირველი გორში, დილასთან. როგორი განწყობაა გუნდში?

დვალიშვილი: როგორც ყოველთვის, საბრძოლო განწყობა გვაქვს. ხშირად ამბობენ, რომ ყველა თამაში ფინალია და ეს მართლაც ასეა. რთულია, როდესაც შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. გორში ადვილი თამაში არ იქნება, თუმცა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად ვართ, რომ მხოლოდ სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ.

popsport: გქონდა მოლოდინი, რომ დინამო ბათუმი ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა?

დვალიშვილი: მჯეროდა და ამიტომაც გადმოვედი დინამო ბათუმში. დავინახე, რომ ამ გუნდს შეეძლო დიდი მიზნების მიღწევა და აქ არა მხოლოდ ფეხბურთელები იგულისხმებიან, არამედ მწვრთნელები და კლუბის მთელი მენეჯმენტი. როცა ასეთი შემართება და სურვილია, ყველაფერი გამოვა.

📺 ვიდეო: ლადო დვალიშვილმა გულშემატკივრებს უპასუხა 

popsport: უცხოურ კლუბებში არაერთი სეზონი გაქვს გატარებული. რამდენად საინტერესოა შენთვის ეროვნულ ლიგაში თამაში?

დვალიშვილი: რაც ბათუმში ხდება, იგივე რომ სხვა ქალაქებშიც ხდებოდეს, საქართველოს ჩემპიონატის დონე გაცილებით მაღალი იქნებოდა და შედარებასაც შევძლებდი. ვთამაშობდი ისრაელში, პოლონეთში, დანიაში, იქ კი ინფრასტრუქტურა და გულშემატკივრობის კულტურა სულ სხვა დონეზეა. ფეხბურთში მეტი ფული იდება, ჩამოყავთ უფრო ძლიერი ლეგიონერები და დონეც უფრო მაღალია. ჩემპიონატს კარგად ფუთავენ და ეს არის განსხვავება. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სხვაგან უფრო მეტი ტალანტი იბადება. პირიქით, ნიჭიერი ფეხბურთელები ჩვენთან მეტნი არიან. საბედნიეროდ, დინამო ბათუმში ვთამაშობ და აქ სულ სხვა გარეამოა. გულშემატკივრები ისეთ ატმოსფეროს ქმნიან, რომ თავი ისევ ლეგიონერი მგონია. 

წაიკითხე: 'ჯოვი დინამოელია და მისი გვეიმედება' - არჩილ ბერიძე დინამო ბათუმის გეგმებზე

popsport: სამომავლო გეგმებს მხოლოდ დინამო ბათუმს უკავშირებ?

დვალიშვილი: ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ 99% დინამო ბათუმში დავასრულებ საფეხბურთო კარიერას. ჩემი სურვილი სწორედ ეს არის და იმედია, არაფერი შეიცვლება. რაც კი გამოცდილება დავაგროვე, მინდა, ამ გუნდს მოვახმარო. მიხარია, რომ კლუბი ვითარდება და ეს არ ეხება მხოლოდ პირველ გუნდს: კეთდება ბავშვთა აკადემია, შენდება სტადიონი. მთავარია, პროგრესი ამ ტემპით გაგრძელდეს.

ლადო დვალიშვილი და ჯაბა ჯიღაური

popsport: ეროვნულ ნაკრებში 40-ზე მეტი მატჩი გაქვს გამართული, თუმცა ბოლო პერიოდში იშვიათად გიძახებენ. თუ გისაუბრია ამ თემაზე ვლადიმირ ვაისთან? 

დვალიშვილი: არ მისაუბრია. ვფიქრობ, ვაისმა უკეთ იცის თავისი საქმე და ყოველთვის იმ ფეხბურთელებს იძახებს, ვინც იმ კონკრეტულ მომენტში ამას ყველაზე მეტად იმსახურებს. ნაკრების მწვრთნელის პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შემიტანია და თვითონ უკეთ იცის, ვინ უნდა გამოიძახოს. თუ დავჭირდები და დამიძახებს, მზად ვარ, ფეხით ჩავიდე თბილისში და გამოვცხადდე შეკრებაზე.

popsport: როგორ შეაფასებ საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩს?

დვალიშვილი: შესაძლოა, ირლანდიელები ვერ გამოირჩევიან ტექნიკით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გუნდი პირველ ადგილზეა ჯგუფში და შესაბამისად, დიდ ძალას წარმოადგენს. ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევარი გუნდია, მოთამაშეები კი მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე იბრძვიან. ტრავმის გამო ხშირად გვაკლია წამყვანი ფეხბურთელები, ზოგი კი ფორმაში არაა, რაც დიდი პრობლემაა. ოპტიმალური შემადგენლობით ირლანდიას მოვუგებდით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ასეთ ძლიერ გუნდთან ფრე ცუდი შედეგია. რაც შეეხება გიბრალტართან მატჩს: მეორე ტაიმში კონცენტრაციის ნაკლებობამ და ხასიათის პრობლემამ იჩინა თავი, რაც დაუშვებელია და მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

popsport: როგორც აღნიშნე, წინ 6 გადამწყვეტი მატჩია. რას ეტყვი გულშემატკივრებს?

დვალიშვილი: ისევ ისე გვიქომაგონ, როგორც აქამდე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ. ერთად მივაღწიოთ დიდ გამარჯვებას!

კომენტარები

ბოლო ამბები