- ჩრდილოეთ კორეაში მატჩის შემდეგ ჰეონ-მინ სონი შოკირებულია
- სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი შურისძიებაზე საუბრობს
- კორეების ისტორიული დუელი ‘ძმებს შორის თამაშის’ გარდა ყველაფერი იყო
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ნაკრები გუნდების ისტორიულმა მატჩმა, ამ ორი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების დაახლოებაში ვერანაირი წვლილი ვერ შეიტანა. პირიქით, პხენიანში გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც 0:0 დასრულდა, სამხრეთკორეელები ძალიან გაბრაზებულები არიან - არა შედეგის, არამედ იმის გამო, რაც მოედანზე და მოედანს მიღმა ხდებოდა.
“ეს ფეხბურთი კი არა, ომი იყო! ასეთი აგრესია აქამდე არასდროს მიგრძვნია,” - განაცხადა სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა იან ჩოიმ და დასძინა: “მომდევნო მატჩში ჩვენ მათ დავსჯით!”
შოკირებულია სამხრეთკორეული ფეხბურთის ვარსკვლავი ჰეონ-მინ სონიც: “ძალიან ბევრი ზედმეტად აგრესიული მომენტი იყო. ჩრდილოკორეელები ექსტრემალურად აგრესიულად გვეთამაშებოდნენ. მინდა, რომ ის, რაც ამ თამაშში ხდებოდა, მალე დავივიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამას დიდხანს ვერ შევძლებ,” - აღნიშნა ტოტენჰემის შემტევმა.
სტადიონზე, სადაც 50 000 მაყურებელი ეტევა, ქომაგები არ დაუშვეს. მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევდა საერთაშორისო მედიაშიც, თუმცა აკრედიტაცია არცერთ ჟურნალისტს არ მისცეს. გარდა ამისა, თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი არცერთ არხზე არ გადაიცემოდა.
“ამ მატჩზე სავსე სტადიონს ველოდი და იმედები გამიცრუვდა, როცა გავიგე, რომ ტრიბუნები ცარიელი იყო,” - ეს ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს სიტყვებია.
შეგახსენებთ, რომ 1950-1953 წლების ომის შემდეგ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მუდმივად დაძაბული ურთიერთობაა.
კომენტარები