Thumbnail

ბუფონის გულახდილი წერილი 17 წლის ბუფონს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ჯანლუიჯი ბუფონი ცხოვრების ყველაზე კრიტიკული მომენტების შესახებ საუბრობს
  • ჯიჯი იხსენებს ბრძოლას დეპრესიის წინააღმდეგ
  • როგორ ხედავს სამყაროს ლეგენდარული იტალიელი მეკარე

ამერიკულმა 'The Players' Tribune-მა ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. დიდი ალბათობით, ეს ბუფონის ყველაზე გულწრფელი ინტერვიუა. გარდა ამისა, ამავე გამოცემისთვის ბუფონმა წერილიც დაწერა. ბუფონმა თხრობის ორიგინალური ფორმა აირჩია - წერილი მან 17 წლის ასაკში თავის თავს მიწერა. 41 წლის ჯიჯი 17 წლის ჯიჯის თავისი ცხოვრების ყველაზე კრიტიკული მომენტებისა და თავისი მსოფლმხედველობის შესახებ უყვება. წერილს ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ და იქვე ნახავთ ვიდეო-ინტერვიუს, სადაც ბუფონი თავისი ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს. 

წერილი ჩემს თავს ახალგაზრდობაში

"ძვირფასო 17 წლის ჯიჯი,

ამ საღამოს, ამ წერილს გწერ მე, 41 წლის კაცი, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი, ძალიან ბევრი რამ, გამოსცადა და შეცდომებიც დაუშვა. შენთვის ცუდი ამბებიც მაქვს და კარგიც. სიმართლე ის არის, რომ მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ შენს სულზე ვილაპარაკო.

დიახ, შენ სულზე, შენ ნამდვილად გაქვს ის. გჯერა, თუ არა, ეს ასეა.

დავიწყოთ ცუდი ამბით. შენ 17 წლის ხარ და ძალიან მალე ნამდვილი, პროფესიონალი ფეხბურთელი უნდა გახდე - ზუსტად ისე, როგორც ოცნებობდი. შენ ფიქრობ, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ სიმართლე ის არის, ჩემო მეგობარო, რომ არაფრის აზრზე არ ხარ.

1998 წლის მუნდიალის წინ: ჯანლუკა პალიუკა, ანჯელო პერუცი და 20 წლის ჯანლუიჯი ბუფონი

სულ რამდენიმე დღეში გექნება შანსი, რომ პარმასთან ერთად პირველი მატჩი ჩაატარო სერია A-ში, თუმცა იმდენად არაფრის აზრზე არ ხარ, რომ არც გეშინია. ლოგინში უნდა იყო და თბილ რძეს სვამდე, თუმცა რას აკეთებ? ღამის კლუბში მიდიხარ შენს მეგობრებთან ერთად ახალგაზრდული გუნდიდან.

წესით, შენ მხოლოდ 1 ლუდი უნდა დაგელია, ასე არ არის? თუმცა, ცოტა გადაამეტე. შენ კინოს პერსონაჟს თამაშობ - მაგარ ბიჭს. ასე უმკლავდები იმ ზეწოლას და სტრესს, რომელსაც არც კი იცი, რომ გრძნობ. სულ მალე, შენ კლუბის გარეთ აღმოჩნდები პოლიციელებთან კამათის დროს, ღამის პირველ საათზე.

წადი სახლში. დაიძინე!

...და გთხოვ, გეხვეწები, პოლიციელების მანქანის საბურავს ნუ მიაფსამ! ეს არც კარაბინიერებს მოეწონებათ, არც შენ გუნდს და გარისკავ, რომ დაკარგო ყველაფერი, რისთვისაც ამდენს შრომობდი.

ეს არის ის ქაოსი და გაურკვევლობა, რომელსაც შენ თვითონვე უმიზეზოდ დაატეხ საკუთარ თავს. შენში რაღაც დუღს, რაც შეცდომებს დაგაშვებინებს. რა თქმა უნდა, ფიქრობ, რომ თანაგუნდელებს აჩვენე, რომ ძლიერი და თავისუფალი ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია.

სულ რამდენიმე დღეში მიიღებ სამ რამეს, რასაც ძალიან, ძალიან ტოქსიკური ეფექტი აქვს და ძალიან, ძალიან სახიფათოა.

ეს არის ფული, პოპულარობა და შენი ოცნების სამსახური.

ახლა ფიქრობ: რა შეიძლება იყოს სახიფათო ამაში?

კარგი, აგიხსნი. ვიცი, რომ ეს პარადოქსია.

ერთის მხრივ, მეკარეს მართლად სჭირდება თვითრწმენა. ის უშიშარი უნდა იყოს. თუკი მწვრთნელს არჩევანის საშუალებას მისცემ დედამიწაზე ყველაზე ნიჭიერ და ყველაზე უშიშარ მეკარეს შორის, გარანტიას გაძლევთ, ის ყოველთვის იმ უშიშარ ნაბიჭვარს აირჩევს.

მეორე მხრივ, ადამიანმა, რომელიც უშიშარია, იოლად შეიძლება დაივიწყოს, რომ მას შინაგანი სამყაროც აქვს. თუკი შენ ცხოვრებას ნიჰილისტურად ატარებ, ისე თითქოს არაფერს აზრი არ აქვს და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ, შენი სული კვდომას დაიწყებს. საბოლოოდ, ისეთი დეპრესიით დაასრულებ, რომ ისიც კი არ შეგეძლება, საწოლიდან ადგე.

შეიძლება ამაზე გაგეცინოს, მაგრამ ასე მოგივა. ეს შეგემთხვევა, როდესაც შენი კარიერის მწვერვალზე იქნები და ყველაფერი გექნება, რაც კი შეიძლება ადამიანმა ცხოვრებაში ისურვოს. შენ 26 წლის იქნები, იუვენტუსის და იტალიის ნაკრების მეკარე, გექნება ბევრი ფული და პატივისცემა, ხალხი 'სუპერმენს' დაგიძახებს.

მაგრამ სინამდვილეში, შენ სუპერგმირი არ ხარ! შენ ისეთივე ადამიანი ხარ, როგორიც ყველა სხვა. სიმართლე ის არის, რომ იმ საქმის სტრესი და ზეწოლა, რომელსაც აკეთებ, რობოტად გაქცევს. შენი რუტინა, შენი ყოველდღიურობა, შენი ციხე გახდება. წახვალ ვარჯიშზე, დაბრუნდები, ტელევიზორს უყურებ და დაიძინებ. იგივეს გააკეთებ მეორე დღეს. ხან მოიგებ, ხან წააგებ - ეს განმეორდება და განმეორდება. ყოველ დღე!

ერთ დილასაც, როდესაც საწოლიდან ადგები და ვარჯიშზე წახვალ, ფეხები ისე აგიკანკალდება, რომ ამ კანკალს ვერ შეწყვეტ. ისეთი სუსტი იქნები, რომ მანქანის მართვასაც კი ვერ მოახერხებ. თავიდან იფიქრებ, რომ ეს გადაღლის ბრალია, ან რამე ვირუსი გაქვს. მაგრამ, სულ მალე ეს გაუარესდება. ერთადერთი, რაც მოგინდება, ეს არის ძილი. ვარჯიშზე თითოეული მოგერიებული ბურთი ტიტანური ძალისხმევა დაგიჯდება. შვიდი თვის განმავლობაში ძალიან გაგიჭირდება, რაიმე სიხარული რომ იპოვო ამ ცხოვრებაში.

ამ მომენტში ჩვენ უნდა გავჩერდეთ. რადგან ვიცი, რასაც ფიქრობ ახლა, როდესაც ამას 17 წლის ასაკში კითხულობ. შენ ფიქრობ: 'ეს როგორ უნდა მოხდეს? მე ბედნიერი ადამიანი ვარ, დაბადებიდან ლიდერი. თუკი მე იუვენტუსის მეკარე ვიქნები, მილიონებს ვიშოვი, მაშინ ბედნიერი უნდა ვიყო. შეუძლებელია, დეპრესიაში ჩავარდე.'

კარგი, მაშინ მე შენთვის მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს. რატომ გადაწყვიტე, რომ შენი თავი ფეხბურთისთვის მიგეძღვნა? გახსოვს ეს ამბავი?

ოღონდ, ძალიან გთხოვ მხოლოდ ის არ თქვა, რომ ეს ტომას ნ,კონოს გამო მოხდა. ამ ამბის სიღრმეში უნდა წავიდეთ, ყველა დეტალი უნდა გავიხსენოთ.

შენ 12 წლის იყავი, როცა 1990 წლის მუნდიალი იტალიაში ტარდებოდა. პირველი მატჩი მილანში, 'სან სიროზე' იყო - არგენტინა-კამერუნის წინააღმდეგ.

დახუჭე თვალები და გაიხსენე, ამ პირველი მატჩის დროს სად იყავი? მისაღებ ოთახში, სრულიად მარტო იჯექი. რატომ არ იყვნენ იქ შენი მეგობრებო, ეს აღარ გახსოვს. ბებია სამზარეულოში სადილს აკეთებდა და იმ დღეს ისე ცხელოდა, რომ ფანჯრები დახურეთ, ოთახი რომ გაგრილებულიყო. ოთახში სრულიად ბნელოდა და ყვითლად მხოლოდ ტელევიზორის ეკრანი ანათებდა.

რას ხედავდი?

შენ დაინახე უცნაური სახელი. კამერუნი!

შენ არ იცი კამერუნი სად მდებარეობს. აქამდე ისიც კი არ იცოდი, ასეთი ადგილი საერთოდ რომ არსებობს. რა თქმა უნდა, იცოდი არგენტინა და მარადონა, მაგრამ კამერუნის მოთამაშეებს თითქოს რაღაც ჯადოქრობა ჰქონდათ. ზაფხულის ამ მზიან დღეს ძალიან ცხელოდა, მაგრამ მათი მეკარე მაინც გრძელსახელოებიან ფორმაში იყო. შავი კულულები და მწვანე გრძელი მაისური ვარდისფერი საყელოთი. როგორ მოძრაობდა, როგორ იდგა, მისი სიმაღლე, ფანტასტიკური ულვაშები... მან შენი გული რაღაც აუხსნელად დაიპყრო. ეს ყველაზე მაგარი ტიპი იყო, რომელიც კი გინახავს.

კომენტატორი ამბობს, რომ მისი სახელია ტომან ნ,კონო!

შემდეგ საოცრება მოხდა!

არგენტინა კუთხურს აწვდიდა, ნ,კონო კარიდან გამოვიდა, მოთამაშეებში შევარდა და ბურთი მუშტით ჰაერში 30 მეტრზე მოიგერია. ეს იყო ის მომენტი, როდესაც შენ უკვე მიხვდი, რისი გაკეთება გინდოდა მთელი ცხოვრების მანძილზე.

შენ უბრალოდ მეკარეობა კი არ გინდოდა, არამედ გსურდა, რომ ზუსტდ ასეთი მეკარე ყოფილიყავი!

შენ გინდოდა დაუმორჩილებელი, გაბედული და თავისუფალი ყოფილიყავი.

წუთები ერთმანეთს მიყვებოდა, თამაშს უყურებდი და გახდი ის, ვინც ხარ. შენი მომავალი ცხოვრების ბედი ამ წუთებში დაიწერა. კამერუნმა გაიტანა და შენ ისე ნერვიულობდი და ისე გულშემატკივრობდი მათ, რომ ამის ყურება ფიზიკურად აღარ შეგეძლო. დივანიდან ჩამოძვერი და მთელი მეორე ტაიმი ტელევიზორის გარშემო დარბოდი. როცა კამერუნს მეორე კაცი გაუგდეს, თამაშის მოსმენაც კი აღარ შეგეძლო. ბოლო 5 წუთი ტელევიზორის უკან იყავი დამალული და ხმა ჩაწეული გქონდა.

'შენ აჩვენებ მთელ მსოფლიოს, რომ ბუფონიც არსებობს. სწორედ ამიტომ გახდი ფეხბურთელი და არა ფულის ან პოპულარობის გამო'

ყოველ წუთში გამოდიოდი შენი ადგილიდან, რათა ანგარიში გენახა და უკან ბრუნდებოდი.

ბოლოს გამოხვედი და ნახე, რომ კამერუნელები ზეიმობდნენ. პირდაპირ ქუჩაში გაიქეცი. ორი სხვა ბავშვი სამეზობლოდან ასევე მოიქცა. ყველა ყვიროდა: „კამერუნი ნახეთ?! კამერუნი ნახეთ?!"

სწორედ ამ დღეს დაიბადა ცეცხლი შენს შიგნით. კამერუნი ის ადგილია, რომელიც არსებობს. ტომას ნ,კონო ადამიანია, რომელიც არსებობს და შენ აჩვენებ მთელ მსოფლიოს, რომ ბუფონიც არსებობს.

სწორედ ამიტომ გახდი ფეხბურთელი და არა ფულის ან პოპულარობის გამო. იმ კაცის, ტომას ნ,კონოს არტისტიზმისა და სტილის გამო. მისი სულის გამო.

უნდა გახსოვდეს: ფული და პოპულარობა მიზანი არ არის. თუკი შენ სულზე არ იზრუნებ, თუკი შთაგონებას, სიცოცხლის სიყვარულს იმ საგნებში არ მოძებნი, რომელიც ფეხბურთს მიღმაა, ნელ-ნელა მოკვდები.

რომ შემეძლოს, ერთი რჩევა მოგცე, ეს იქნებოდა, რომ უფრო მეტი ინტერესით შეხედო იმ საგნებს, რომლებიც შენს გარშემოა, მაშინ როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. შენ შენს თავსაც უშველი და შენს ოჯახსაც დიდ თავისტკივილს აარიდებ თავიდან.

მეკარე რომ იყო, გაბედული უნდა იყო - ეს მართალია.

მაგრამ გაბედულება, უცოდინრობას და სულელობას არ ნიშნავს, ჯიჯი!

მაშინ, როდესაც დეპრესია ასე ძალიან შემოგიტევს, უცნაური და მშვენიერი რამ შეგემთხვევა. ერთ დილასაც გადაწყვეტ, რომ ყოველდღიურ რუტინას გადაუხვიო და ტურინში, სხვა რესტორანში წახვიდე სასაუზმოდ. ასე რომ, ახალ მარშრუტს გაუყვები და მუზეუმს ჩაუვლი.

პოსტერი მუზეუმს გარეთ გეტყვის, რომ აქ შაგალის გამოფენაა.

ეს სახელი ადრეც გსმენია, მაგრამ ბევრს არაფერს გეუბნება, რადგან შენ ხელოვნებაში ვერ ერკვევი.

კიდევ ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი. შენ შენი გზით უნდა წახვიდე. შენ ბუფონი ხარ!

მაგრამ ბუფონი ვინ არის? შენ ვინ ხარ? იცი კი ეს?

ეს არის ამ წერილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. შენ ამ დღეს ამ მუზეუმში უნდა შეხვიდე. და ეს იქნება შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

თუკი შენ ამ მუზეუმში არ შეხვალ და გააგრძელებ ცხოვრებას, როგორც ფეხბურთელი, როგორც 'სუპერმენი' და შენს გრძნობებს და ემოციებს ისევ მოთოკავ და არ მოუსმენ, შენი სული ნელ-ნელა მოკვდება.

მაგრამ თუკი შიგნით შეხვალ, ნახავ შაგალის ასობით ნამუშევარს. მათი უმეტესობა შენთვის არაფერს ნიშნავს. ზოგი კარგია, ზოგი საინტერესო, ზოგიც სულ არაფერს გეუბნება.

მაგრამ შენ იპოვი ერთ განსაკუთრებულ ნახატს, რომელიც შენზე ისეთ ეფექტს მოახდენს, თითქოს მეხი დაგეცა.

მას ჰქვია 'სეირნობა'.

ეს თითქოს ბავშვური ნახატია. ქალი და კაცი პარკში არიან, პიკნიკზე, მაგრამ ამ ნახატში ყველაფერი ჯადოსნურია. ქალი ცაში მიფრინავს ანგელოზივით, კაცი მიწაზე დგას, მისი ხელი უჭირავს და იღიმება.

ეს თითქოს ბავშვის სიზმარს ჰგავს.

ეს ნახატი შენ თითქოს სხვა სამყაროს შეგახებს, ბავშვობის შეგრძნებებს დაგიბრუნებს, მოგცემს ბედნიერების და უბრალოების განცდას.

იმ ემოციას, როდესაც ტომას ნ,კონო ბურთს 30 მეტრზე აგდებს.

იმ ემოციას, როდესაც ბებია სამზარეულოდან გეძახის.

იმ ემოციას, როდესაც ტელევიზორის უკან სიბნელეში იმალები და ლოცულობ, შენმა გუნდმა რომ გაიმარჯვოს.

როდესაც ასაკში შევდივართ, ჩვენ ამ გრძნობებს იოლად ვივიწყებთ.

შენ მეორე დღესაც მუზეუმში უნდა დაბრუნდე. ეს აუცილებელია.

ბილეთების გამყიდველი ქალი შემოგხედავს და ღიმილით გეტყვის: ‘თქვენ ხომ გუშინაც აქ იყავით?’

არაუშავს. შედი შიგნით. ხელოვნება დაგეხმარება, რომ გადაგარჩინოს. როდესაც შენს სულს გახსნი ახალი ემოციებისთვის, შინაგანი სიმძიმე, რომელსაც გრძნობდი, გაქრება, ისევე, როგორც ქალი ადის ზემოთ და თითქოს ნელ-ნელა ქრება შაგალის ნახატზე.

ეს დაუჯერებელი ისტორიაა. ხანდახან მჯერა, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენთვის სხვებმა დაწერეს, იმდენი დაუჯერებელი და ლამაზი ისტორია ხდება და ებმის ერთმანეთს. ეს ამბავიც ერთ-ერთი მათგანია.

წარსულში დავბრუნდეთ. როდესაც პარმაში თამაშობდი, შენი სისულელის და უცოდინრობის გამო ისეთ, რამეს გააკეთებ, რასაც მთელი ცხოვრება შეგახსენებენ. დიდი თამაშის წინ გადაწყვეტ, რომ ხმაურიანი ჟესტით აჩვენო შენს გუნდელებს და გულშემატკივარს, რომ შენ ლიდერი ხარ, გაბედული და მტკიცე ხასიათით.

მაისურზე დაიწერ იმ სიტყვებს, რომელიც ადრე სკოლაში, დაფაზე, დაწერილი ნახე. შენ დაიწერ: 'სიკვდილი მშიშრებს'. ფიქრობ, რომ ეს მოტივაციისთვის გამოგადგება არც კი იცი, რომ ეს ულტრამემარჯვენე ფაშისტების სლოგანია.

ეს ის შეცდომაა, რომელიც შენს ოჯახს ბევრ ტკივილს მიაყენებს. მაგრამ ეს შეცდომები მნიშვნელოვანია, რადგან გახსენებს, რომ ადამიანი ხარ. პერიოდულად გახსენებს, რომ არაფრის აზრზე არ ხარ, ჩემო მეგობარო. ეს კარგია, რადგან ფეხბურთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაგარწმუნოს იმაში, რომ განაკუთრებული ხარ. არადა უნდა გახსოვდეს, რომ არაფრით ხარ განსხვავებული ბარმენისგან, ან ელექტრიკოსისგან, რომლებიც მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შენი მეგობრები იქნებიან.

'17 წლის ასაკში ამას ვერ გაიგებ, მაგრამ ნამდვილი სიმამაცე ის არის, როდესაც შეგიძლია, შენი სისუსტეები აჩვენო და არ შეგეშინდეს'

ეს გიხსნის შენ დეპრესიისგან. დაგავიწყებს, რომ ‘განსაკუთრებული’ ხარ. ახლა, 17 წლის ასაკში ამას ვერ გაიგებ, მაგრამ გარწმუნებ, რომ ნამდვილი სიმამაცე ის არის, როდესაც შეგიძლია, შენი სისუსტეები აჩვენო და არ შეგეშინდეს.

შენ იმსახურებ სიცოცხლეს, როგორც საჩუქარს, ჯიჯი, ისევე, როგორც ყველა სხვა. ეს უნდა გახსოვდეს.

ყველაფერი იმასაც უკავშირდება, რომ ახლა ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ. ჩემი ერთადერთი წუხილი ის არის, რომ შენი სული დანარჩენი სამყაროსთვის უფრო ადრე არ გახსენი. ალბათ იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთი ხარ. 41 წლის ასაკში შენ ისევ გრძნობ, რომ შენს შიგნით რაღაც ანთია. ისევ არასოდეს არ იქნები კმაყოფილი - ვწუხვარ, მაგრამ ეს უნდა ვაღიარო. თვით მსოფლიო თასის ხელში დაჭერაც კი ვერ შეცვლის ამ გრძნობას. სანამ არ იქნება სეზონი, როდესაც არცერთ გოლს არ გაუშვებ, შენ კმაყოფილი არ იქნები.

გახსოვს ის ზამთარი, როდესაც პირველად ესტუმრე ბიძაშენს მთებში, უდინეში? თუ ეს ის მოგონებაა, რომელიც მხოლოდ ასაკში შესულ კაცს შეიძლება ახსოვდეს!?

ოთხი წლის იყავი. ღამით მოთოვა. თოვლი იქამდე არასოდეს გენახა. გაიღვიძე, ფანჯრიდან გაიხედე და გარშემო თითქოს სიზმარი იყო. მთელი ქვეყანა თეთრი გახდა.

შენ მაშინვე, პიჟამოთი, გარეთ გამოვარდი - ისე, რომ არც გესმოდა, თოვლი რა იყო. თოვლს შეხედე და რა ქენი, როგორ მოიქეცი? დაფიქრდი? გაგიკვირდა? სახლში შეხვედი ტანსაცმელისთვის?

არა! პირდაპირ თოვლში ჩახტი უშიშრად. ბებიაშენი ყვიროდა: ‘ჯანლუიჯი! არა! არა! ეს არ ქნა!’

სულ დასველდი და მთელი კვირა სიცხე გქონდა. მაგრამ, ეს საერთოდ არ გადარდებდა. არანაირი შეყოვნება, პირდაპირ თოვლში!

შენ ასეთი ხარ! ბუფონი ხარ! შენ აჩვენებ სამყაროს, რომ არსებობ!"

✍ 41 წლის ჯანლუიჯი ბუფონი

📺 ვიდეო: როგორ დააღწია თავი დეპრესიას - ბუფონის გულახდილი მონოლოგი

კომენტარები

ბოლო ამბები