Thumbnail

ნაცისტური სკანდალის გამო - ხრისტო სტოიჩკოვმა პირდაპირ ეთერში იტირა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხრისტო სტოიჩკოვმა პირდაპირ ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა
  • ბულგარული ფეხბურთის ლეგენდა რასისტი და ნაცისტი ფანების მკაცრად დასჯას ითხოვს

ხრისტო სტოიჩკოვი ყველა დროის უდიდესი ბულგარელი ფეხბურთელია. დღეს უკვე 53 წლის ექს-ფორვარდი 8 წლის მანძილზე თამაშობდა ბარსელონაში, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე კი 6 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იმავე წელს, სტოიჩკოვი ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

90-იანი წლები: ხრისტო სტოიჩკოვი და ლუის ვან გაალი ბარსელონაში

სტოიჩკოვს თავისი სამშობლო ძალიან უყვარს - ბულგარეთის ნაკრებისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ეროვნული გუნდის ფორმით მან 83 მატჩი ჩაატარა (37 გოლი), მერე კი, 2004-დან 2007 წლამდე, ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. სოფიაში, ინგლისის ნაკრებთან მატჩის (0:6) დროს მომხდარი სკანდალის გამო ლეგენდარული ფეხბურთელი შეძრწუნებულია.

როგორც იცით, ხსენებულ მატჩში ბულგარელმა ფანებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს - ტაირონ მინგსს, რაჰიმ სტერლინგსა და მარკუს რაშფორდს. გარდა ამისა, ბულგარელი ფანები მატჩის დროს ხშირად იყენებდნენ ე.წ. ჰიტლერის ნაცისტური მისალმების ჟესტებს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ გახლდათ მიწვეული სტოიჩკოვი გადაცემაში და როდესაც ლაპარაკი დაიწყო, ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.

“ასეთ ფანებს სტადიონზე მისვლა უნდა აეკრძალოთ და მკაცრად უნდა დაისაჯონ,” - თქვა სტოიჩკოვმა.

სოფიაში მომხდარი სკანდალის შემდეგ ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი გადადგა, მეორე დღეს კი პოლიციამ რამდენიმე ფანი დააკავა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები